ანალიტიკა / გამოძიება

2023 წლის დასახვედრად გორმა 500 000 ლარი დახარჯა – ვის რა ერგო ამ თანხიდან?

Საახალწლო ღონისძიებები გორში თითქმის ერთი თვის განმავლობაში იმართებოდა, რისთვისაც 404 568 ლარი დახარჯა. აქედან 138 000 ლარი მთავრობისგან დაირიცხა, 220 000 ლარი კულტურის სააგენტოს ბალანსზე დაბრუნებული დღგ-ის თანხა იყო, დარჩენილი კი გორის ბიუჯეტის ხარჯი. აღსანიშნავია, რომ საახალწლოდ ქალაქის მორთვაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 106 000 ლარიც გამოიყო.

“გვინდა, რომ მოსახლეობისთვის ახალი წელი დასამახსოვრებელი იყოს” – ასე უპასუხა გორის მერმა მათ, ვინც საახალწლო ხარჯების სიმრვალით უკმაყოფილო იყო. 

Რაში და როგორ დაიხარჯა ჯამში 510 568 ლარი? ვის რა ერგო ხელისუფლებისგან ახალ წელს და ზოგადად, რა მოუგვარებელი პრობლემები დარჩა მუნიციპალიტეტში გახარჯული ათასობით ლარის ფონზე? – ამ კითხვებზე პასუხები “მოზაიკამ” ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში შეაგროვა. 

Საახალწლო კონცერტები ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახების ფონზე

გორში, განსაკუთრებით უჭირთ იმ ადამიანებს, რომლებიც კომბინატის დასახლებაში, ყოფილი ნარკოლოგიურის ავარიულ შენობაში ცხოვრობენ. 80 ოჯახს, რომელთა საცხოვრებელ პირობებს სახალხო დამცველმა ღირსების შემლახველი უწოდა მერია წლებია დახმარებაზე უარს ეუბნება. 

“რომ თქვეს 300 000 უნდა დაიხარჯოს ახალ წლებზეო, იმედი მოგვეცა. ვიფიქრეთ, რომ ამ საახალწლოდ მაინც გავახსენდებოდით და მოგვხედავდნენ, მაინცდამაინც, თავზე ხომ არ უნდა ჩამოგვენგრეს შენობა, რომ ყურადღება მოგვაქციონ”, – გვეუბნება თვალიაშვილი ევგენია, რომელიც საკუთარი და მეზობელი ოჯახების პრობლემებზე საუბრით უკვე დაიღალა. 

ამბობს, რომ იქაური მდგომარეობა ყველამ იცის, მაგრამ მოგვარებას პრიორიტეტად არავინ მიიჩნევს. 

“საკუთარი თვალით აქვთ ნანახი, რა პირობებშიც ვცხოვრობთ, ხედავთ თქვენც, წყალი ჩამოგვდის და კედლები სადაცაა დაინგრევა, მაგრამ ჩვენთვის თანხები არ მოიძებნება. Ჩვენ არც გვეკონცერტება და არც გვეზეიმება. აქ რომ უბედურება დატრიალდება, მარტო მაშინ მიხდებიან მაგას“, – გვეუბნება ნაზი საათაშვილი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საწოლიდან ადგომას ვერ ახერხებს. 

Საკანალიზაციო სისტემის და სველი წერტილების გარეშე მცხოვრები ოჯახები მერიის მიერ ორგანიზებულ არც ერთ საახალწლო ღონისძიებაზე არ ყოფილან. 

“მაგ თანხით სამუდამოდ შეიცვლებოდა ჩვენი ცხოვრება, მუდმივი ჭერი გვექნებოდა თავზე და ადამიანებად ვიგრძნობდით თავებს, მაგრამ არა, ამ ყველაფერს კონცერტები ამჯობინეს”, – ამბობს ევგენია. 

საახალწლოდ უშუალოდ გორში 6 კონცერტი გაიმართა, რისთვისაც 258 694 ლარი დაიხარჯა.

Პირველი კონცერტი ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან 17 დეკემბერს, “Loudspeakers”-ის მონაწილეობით ჩატარდა. გამარტივებული ფორმით შეძენილ მომსახურებაში გორის მერიამ 8 000 ლარი გადაიხადა. 

აღსანიშნავია, რომ “Loudspeakers”-ის ყოფილი მენეჯერი გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ერთ-ერთი მრჩეველი თევდორე მაყაშვილია, რომელიც „მოზაიკასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ჯგუფი მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით შეირჩა. 

“ისინი იმ გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ, რომელიც 26 მაისის ღონისძიებამდე იყო გამოცხადებული. ის მომღერლები და ჯგუფები, რომლებიც გორელებმა გამოკითხვაში დაასახელეს, ზოგი 26 მაისს მოვიწვიეთ, ზოგიც გორის დღეებზე და ნაწილიც საახალწლო ღონისძიებებზე. “Loudspeakers”-ის მენეჯერი უკვე 3 წელია აღარ ვარ“, – აცხადებს თევდორე მაყაშვილი. 

მაყაშვილი გამოკითხვაში გულისხმობს კულტურის და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მიერ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დასმულ შეკითხვას: “ რომელი ქართველი მუსიკოსის/ბენდის კონცერტს ისურვებდით გორში?“.

ინფორმაციისთვის, 6 მაისს დასმულ ამ კითხვას 68 მოქალაქემ უპასუხა და ჯგუფს “Loudspeakers” მხოლოდ ერთი ხმა ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ “გამოკითხვაში” გორელებს საერთოდ არ უხსენებიათ ის მუსიკალური ჯგუფები, რომლებიც მთავარ საახალწლო კონცერტში მონაწილეობდნენ – საუბარია მუსიკალურ ჯფუგებზე “4D Monster Lobsters’, “გრინ ლაითი“ და „კანუდოსი“, რომლებმაც ჰონორარის სახით  15 000 ლარი მიიღეს.

ინფორმაციისთვის, 31 დეკემბერს კონცერტი 20:00 საათზე დაიყო და ორ ნაწილად გაიყო – პირველი ნაწილის ორგანიზება საკუთარ თავზე კულტურის სააგენტომ აიღო, მეორე ნაწილის ორგანიზებისთვის კი სხვა კომპანია, შპს “თიხარტი” დაიქირავა, რომელმაც გორელებს მუსიკალური ნომრები ნიკა ნიკვაშვილის და ოპერის ორკესტრთან ერთად, ნუკრი კაპანაძის, თემურ თათარაშვილის, ნათია პერანიძის, დათუნა სირბილაძის, გიორგი მეფისაშვილის, “ავტოგრაფის”, Georgian Six – ის, ეკა დოლიძის და მარიამ როინიშვილის შესრულებით შესთავაზეს.

ჯამში, მუსიკალური წარმოდგენებისთვის  248 744 ლარი დაიხარჯა. დამატებით 8 500 ლარი დაიხარჯა სცენის დაქირავებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი მომსახურებაა, რომლის შესყიდვაზეც ტენდერი გამოცხადდა. 

„სცენის მოწყობისთვის 17 ნოემბერს არის ტენდერი გამოცხადებული. კონცერტამდე 1 თვით ადრე. ამიტომ უნდა დაინტერესდეს აუდიტის სამსახური, თუ რა ნიშნით შეარჩიეს აღნიშნული ჯგუფები და რატომ იყო გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული. როდესაც გამარტივებულ შესყიდვას ახორციელებს უწყება, დეტალურად უნდა იყოს დასაბუთებული, რატომ გახდა საჭირო გამარტივებული შესყიდვა და რატომ ვერ მოესწრებოდა ტენდერის გამოცხადება“, – აცხადებს ქეთი ბებიაშვილი, საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი. 

Საახალწლოდ, მოქალაქეთა დახმარებაზე თანხის მხოლოდ 11% დაიხარჯა 

Საახალწლოდ მოქალაქეთა დახმარებას მერიამ გამოყოფილი 404 568 ლარიდან მხოლოდ 11% მოახმარა. კერძოდ, 29 000 ლარით სასურსათო პაკეტები 300 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის, 15 000 ლარად კი ტკბილეული 1 800 ბავშვისთვის შეიძინა. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში 25 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს, თუმცა მერია წინასაახალწლოდ მხოლოდ 300 ოჯახს დაეხმარა. გორის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ოჯახების სია მერია წარმომადგენლებმა შეადგინეს. 

“სია შეადგინეს მერის წარმომადგენლებმა და სასურსათო პაკეტებიც მათ დაარიგეს”, – გვითხრა დავით ჩიხრაძემ. 

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გათვალისწინებულ სასურსათო პაკეტში შედიოდა ზეთი, მაკარონი, 5 კგ. ხორბლის ფქვილი, წიწიბურა, კარაქი, შესქელებული რძე და 2 კგ. ტკბილეული.

Სასურსათო პაკეტების გარდა, კულტურის სააგენტომ  14 688 ლარად ტკბილეულიც შეიძინა, რომელიც  1 800 ბავშვისთვის უნდა დაერიგებინათ. Ხელისუფლება აცხადებდა, რომ აღნიშნული ტკბილეული სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.

Როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ტკბილეულის გაცემა წინასწარ დარიგებული ტალონებით ხდებოდა. Წყაროს ცნობით, ტალონები ქაოტურად გაიცა და ხელისუფლებას მათი განაწილებისას წინასწარ შეგროვებული მონაცემებით არ უხელმძღვანელია. 

“ინფორმაცია იმ ბავშვებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, წინასწარ არავის შეუგროვებია. Მოსაწვევების ნაწილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს მისცეს, რომლებზეც იციან, რომ ბავშვებთან მუშაობენ. Ნაწილი ნაცნობობით დაარიგეს და ნაწილი საერთოდაც თანამშრომლებს აჩუქეს”, – უთხრა “მოზაიკას” ამ პროცესში ჩართულმა ადამიანმა. 

Ბავშვების გართობისთვის მერიამ პროექტი  ერთ-ერთ გასართობ ცენტრსაც დაუფინანსა. “დისნეიმ” ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული თანადაფინანსებით  23 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის 60-მდე სოფელში წარმოდგენები გამართა.

პატარებს თანადაფინანსებით დაგეგმილ შოუპროგრამაზე მერიაც ეპატიჟებოდა და წარმოდგენის დასრულების შემდეგაც, ტკბილეულის დარიგებას პირდებოდა. 

“ეს ხალხის დაცინვა იყო, 3-3 შოკოლადი დაურიგეს ბავშვებს, ნეტავ სულ არ წამეყვანა, ისე ელოდებოდნენ ჩემი შვილები საჩუქრებს და როგორც უკვე გითხარით, 3-3 შოკოლადი დაურიგეს მხოლოდ”, – ამბობდნენ მშობლები, რომლებმაც აღნიშნულ ღონისძიებებზე შვილები დაიყვანეს. 

ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობაზე თანხის მხოლოდ 22% დაიხარჯა 

Საახალწლო ხარჯებიდან  ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობაზე  მხოლოდ 22% დაიხარჯა. გამოყოფილი თანხის 78% კი ორმა კომპანიამ “ქეი ივენთმა” და შპს “თიხარტმა” მიიღო.

კერძოდ, გორის ცენტრალური მოედანი, სადაც საახალწლო ღონისძიებები იმართებოდა, შპს “ქეი ივენთმა” მორთო. კომპანიამ მთავარ ნაძვის ხესთან “საახალწლო სოფელი” მოაწყო, რისთვისაც 87 808 ლარი გადაუხადეს. კონკრეტულად რა სამუშაოებისთვის მიიღო ჰონორარი თბილისში რეგისტრირებულმა კომპანიამ, უცნობია, რადგან შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთულ ხელშეკრულებებში არ არის დანართები, სადაც ეს ინფორმაცია დეტალურად უნდა იყოს აღწერილი.

დანართები არ ერთვის არც გალა კონცერტის ორგანიზებისთვის დაქირავებულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. Შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად რა მომსახურებებისთვის გადაუხადეს 220 744 ლარი შპს “თიხარტს”.

“სერიოზული ღონისძიებები იყო. მდარე და უხარისხოს გაკეთებას, სჯობს ხარისხნიანი გააკეთო”, – ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, რომლის სიტყვებით გორში ამ ღონისძიებების ჩატარება “ალბათ კულტურის სამინისტროში გათვალეს”.

აღსანიშნავია, რომ ამ ორ კომპანიას ჯამში სახელმწიფოსგან 2 500 000 ლარამდე აქვთ მიღებული. აქედან 2 336 778 ლარი უტენდეროდ შეძენილ მომსახურებებში.

“იმის ნაცვლად, რომ ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა ადგილზე დახარჯულიყო და ადგილობრივი კომპანიები წაეხალისებინათ, მერიამ ისევ მასთან დაახლოებული პირები გაამდიდრა”, – ამბობს ენმ-ის წევრი ანო ბალიაშვილი.

ჯამში, წინასაახალწლო პერიოდში კულტურის სააგენტომ 17 შესყიდვა განახორციელა, აქედან მხოლოდ 1 მათგანი იყო ტენდერით, დანარჩენ შემთხვევებში მომსახურების ყიდვა გამარტივებული შესყიდვის წესით მოხდა. 

“საახალწლო ღონისძიება ყოველ წელს ტარდება, შესაბამისად ტენდერის გამოცხადება უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე გამარტივებული შესყიდვა. ეს შესყიდვები საჭიროებს შემოწმებას, როგორც შიდა აუდიტის, ისე სახელმწიფო აუდიტის მიერ. ასევე კარგი იქნება, თუ სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან, ხომ არ იკვეთება აღნიშნულ ქმდებებში კორუფციის ნიშნები”, – აცხადებს ქეთი ბებიაშვილი, საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი. 

ჯილდოები მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაწეული საქმისთვის

Საახალწლო ღონისძიებების ორგანიზება მერიამ გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს დაავალა. Შეგახსენებთ, რომ ეს ის სააგენტოა, რომელიც გასულ წელს სკანდალში რამდენჯერმე გაეხვა – თავდაპირველად „ბიტკოინების ქარხნის“ გამოაშკარავებით, შემდეგ აზარტული თამაშების ანგარიშებზე გადარიცხული ნახევარ მილიონამდე ლარით და ბოლოს „ატკატებით“. 

ამ დროისთვის, სააგენტოს ყოფილი დირექტორები სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმყოფებიან და გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები. Სააგენტოს კი ახალი დირექტორი, გვანცა მჭედლიშვილი ხელმძღვანელობს. გორის მერიის თქმით, სახელმწიფოსგან დაბრუნებული დღგ-ის თანხის, 220 000 ლარის საახალწლო ღონისძიებებზე დახარჯვის ორგანიზატორი სწორედ ის იყო. 

“ა(ა)იპ-ისგან წამოვიდა ეს ინიციატივა და სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა ეს თანხები ამ მიმართულებით მიგვემართა”, – განმარტა მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა დალი ტლაშაძემ. 

Საახალწლო სამზადისში ჩართული იყო კეთილმოწყობის სააგენტოც, რომელსაც ქალაქის მორთვა და მთავარი ნაძვის ხის აწყობა დაევალა. Მერიამ ქალაქის მოსართავად წელს დამატებით 100 000 ლარის ღირებულების განათებები შეიძინა. 

სამზადისში ჩართული ორივე ა(ა)იპ-ის თანამრომლები ხელმძღვანელობამ წინასაახალწლოდ დააჯილდოვა. აღსანიშნავია, რომ კულტურის სააგენტომ ჯამში 115 000 ლარის ოდენობით, ჯილდო ყველა, 428-ვე თანამშრომელს დაურიცხა. Რაც შეეხება კეთილმოწყობის სააგენტოს, აქ ჯილდოებზე 24 000 ლარი დაიხარჯა. 

ჯილდოების ამ ფორმით გაცემა არაკანონიერად მიაჩნიათ იურისტებს. “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლის, ლექსო მერებაშვილის თქმით, ეს ბიუჯეტის ფლანგვაა.

“ჯილდოები არ უნდა გაიცემოდეს ყველა საჯარო მოსამსახურეზე, მათი დამსახურების გაუთვალისწინებლად. ეს პროცესი შეიძლება შეფასდეს ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვად. კანონოთ პირდაპირ არის გაწერილი, რომ ჯილდოს გაცემა უნდა განხორციელდეს, თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. როდესაც არ ხდება ამ წესით ჯილდოს გაცემა, რა თქმა უნდა, ეს არის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა”, – ამბობს მერებაშვილი.

Საახალწლოდ, ჯილდოები აიღეს გორის მერიის თანამშრომლებმაც. ფაქტს უწყება ადასტურებს, თუმცა ჯილდოს მიმღები თანამშრომლების რაოდენობას, გაცემული თანხის ოდენობას და ჯილდოს გაცემის წინაპირობებს მალავს. 

“შეგვარგეთ, არ შეიძლება?!”, – გვითხრა ნათია მდინარაძემ, გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.