გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, 1600 კვადრატული მეტრიანი მონაკვეთის საფეხმავლოს რეაბილიტაცია დაიწყო, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარემოვაჭრეებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობდა, გორში არსებულ ბაზრებზე, ერთი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ შეღავათებით ისარგებლონ და ივაჭრონ სიმბოლურ ფასად.
“რეაბილიტაცია საფეხმავლოს ამ მონაკვეთზე ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაიგეგმა. ამ ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ანტისანიტარიის გამო მერიას რამდენჯერმე მიმართეს და პროექტი მათი მოთხოვნის შესაბამისად ხორციელდება. საფეხმავლოზე მოეწყობა ბეტონის დეკორატიული ფერადი ფილები, ბაზალტის ბორდიურები, სანიაღვრეებზე ცხაურები, მოაჯირები და სარდაფებში ჩასასვლელების გადახურვა”, – აცხადებენ მერიაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ღირებულება 378 000 ლარია.