სტატიები

5 ავტომობილი არარსებული ა(ა)იპ-ისთვის- რაში დახარჯა მერიამ 260 000 ლარი

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯერ არ დაფუძნებული სააგენტოსთვის ახალი ავტომობილები იყიდა. საუბარია მუნიციპალური ინსპექციის ა(ა)იპ-ზე, რომლის დაფუძნებაზე თანხმობა საკრებულომ მერიას გასულ წელს მისცა. ავტომობილების შესყიდვას ბიუჯეტის არაეფექტურად ხარჯვის კიდევ ერთ მაგალითად მიიჩნევენ ოპოზიცია.

” არავინ იცის, ნამდვილად ამ ა(ა)იპ-ისთვის გამოიყენებენ ავტომობილებს, თუ ისევ ჩინოვნიკები ისარგებლებენ”, – ამბობს ანი ბალიაშვილი, ენმ -ს წევრი.

მისი თქმით, გორის მერიისგან ახალი ავტომობილების შესყიდვაზე დასაბუთებული პასუხი არ მიუღიათ.

“არც არის ჯერ ეს ა(ა)იპ-ი დაფუძნებული. ამაზე არანაირი დასაბუთება არ მოგვისმენია. გამოდის რომ თანხები მათი კომფორტისთვის დაიხარჯება”, – განაცხადა ბალიაშვილმა.

5 ავტომობილისთვის 260 000 ლარამდე დაიხარჯა. როგორც გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი დალი ტლაშაძემ განმარტა, აღნიშნული ავტომობილებისთვის თანხა გასულ წელს იყო გათვალისწინებული.

“5 ავტომობილის ღირებულება 260 ათასამდეა, ამ ავტომობილებისთვის თანხა 2022 წელსაც იყო და რადგან კონტრაქტი უკვე განხორციელდა, ავსახეთ 2023 წლის ბიუჯეტში”, – განაცხადა დალი ტლაშაძემ.

გორის მერიაში განმარტავენ, რომ ა(ა)იპ-ის იურიდიულად დაფუძნებამდე, აუცილებელია მისი მომზადება და ტექნიკურად გამართვა, აღნიშნული ავტომობილები კი სწორედ, ამ მიზნით შეიძინეს.

“სანამ ა(ა)იპ- ი დაფუძვნდება, წინასწარ გაფორმდა ხელშეკრულება, შევიძინეთ ავტომობილები, რათა ახალ სააგენტოს მოემსახუროს. იურიდიულად დაფუძნებამდე, ა(ა)იპ-ი ტექნიკურად გამართული და უზრუნველყოფილი უნდა იყოს” , – განმარტა ლექსო თარხნიშვილმა, გორის მერიის ადმინისტრაციული შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალური ინსპექციის ა(ა)იპ-ისთვის ჯერ არც ხელმძღვანელი და თანამშრომლები შეურჩევიათ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.