სტატიები

“ჯილდოების ამ ფორმით გაცემა არის ბიუჯეტის ფლანგვა” – შეფასებები ფულად წახალისებაზე

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ებში წინასაახალწლოდ ფულადი ჯილდოები გაიცა. ხელფასის 70% თანამშრომლებს ჯილდოს სახით დაერიცხათ. 

კარგად ვიცით, რომ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია ძირითადად, პარტაქტივი. რეალურად, ეს იმას გავს, რომ ბიუჯეტის ხარჯზე კიდევ ერთხელ, გადაუხადეს თანხა“, – ამ შინაარსის განცხადებები გაკეთდა ადგილობრივ ოპოზიციაში ფაქტის გახმაურების შემდეგ.

ოპოზიციისთვის განსაკუთრებით მიუღებელი ჯილდოების გაცემის ფორმა აღმოჩნდა. მაგალითად, გორის კულტურისა და ტურიზმის სააგეტნტომ ჯილდო 428 -ვე თანამშრომელს ჩაურიცხა, რაც ოპოზიციის შეფასებით, მოქრთამვას უფრო ჰგავდა.

“სწორი და გამართლებული იქნება ჯილდოს მიცემა ისეთი თანამშრომლისთვის, რომელიც გამორჩეულია, რომ მომავალში მას უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და სხვებმაც ამის მაგალითზე უკეთესად იმუშაონ. ის რომ ყველას აძლევ ჯილდოს, მგონია რომ უფრო მოქრთამვას გავს. მეორე ისაა, რომ როდესაც მთავრობას ღიად აქვს გაცხადებული, რომ საჯარო მოხელეები არ იღებენ პრემია-დანამატებს, ცოტა შეუსაბამოა”, – ამბობს მამუკა ფანიაშვილი, პარტიის “საქართველოსთვის” წევრი.

ოპოზიციის ნაწილისთვის ჯილდოების გაცემის წინაპირობებიც გაუგებარია. ნაციონალურ მოძრაობას უსამართლოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ სხვა ა(ა)იპ-ებისგან განსხვავებით, ჯილდოები ვერ მიიღეს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლებმა.

“საახალწლო პრემია მიიღო გორის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ყველა თანამშრომელმა საბავშვო ბაღების გარდა. არადა, ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ მათ აქვთ. თითოს მინიმუმ 30 ბავშვზე აქვს პასუხისმგებლობა აღებული მთელი დღით და მათი ხელფასი 200 – დან მაქსიმუმ 500 ლარამდეა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ანი ბალიაშვილმა.

ჯილდოების ამ ფორმით გაცემა არაკანონიერად მიაჩნიათ იურისტებს. “ადამიანის უფლებათ ცენტრის” წარმომადგენლის, ლექსო მერებაშვილის თქმით, ამგვარი პრაქტიკა ბიუჯეტის ფლანგავაა. 

“ჯილდოები არ უნდა გაიცემოდეს ყველა საჯარო მოსამსახურეზე, მათი დამსახურების გაუთვალისწინებლად. ეს პროცესი შეიძლება შეფასდეს ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვად. კანონოთ პირდაპირ არის გაწერილი, რომ ჯილდოს გაცემა უნდა განხორციელდეს, თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. როდესაც არ ხდება ამ წესით ჯილდოს გაცემა, რა თქმა უნდა, ეს არის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა”, – ამბობს მერებაშვილი.

ინფორმაციისთვის, საჯარო სამსახურებში ფულადი ჯილდოს გაცემა შრომის ანაზღაურების კანონითაა განსაზღვრული. ფულადი ჯილდო გაიცემა მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის (გარდა მოხელისა) მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.