ნაგვის გადასაზიდი მანქანის შესყიდვისთვის გამოცხადებული სადავო ტენდერი – ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვა კომპანია ჯი-თი გრუპმა გაასაჩივრა. კომპანიის განმარტებით, ქარელის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობები ერთი კონკრეტული კომპანიის “თეგეტა თრაქ ენდ ბასის” ინტერესებზე იყო მორგებული.
“თრაქ ენდ ბასის” 100%-ს შპს “თეგეტა მოტორსი” ფლობს, რომელმაც 2017 წელს “ქართულ ოცნებას” 120 000 ლარი შესწირა. “ჯითი-გრუპის” საჩივარი შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ დააკმაყოფილა და ქარელის მერია იძულებული გახდა, გამოცხადებული ტენდერი შეეწყვიტა.
სააგენტომ ქარელის მერიას პირდაპირ მიუთითა დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე, რის გამოც, “ჯითი-გრუპმა” უწყების გამოცხადებულ ტენდერში ვერ მიიღო მონაწილეობა.
“დგინდება მხოლოდ ერთი კონკრეტული პროდუქტის შესაბამისობა სადავოდ გამხდარ სპეციფიკაციებთან, ხოლო მისი ალტერნატივების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის. საბჭო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ ერთი სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის საქონლით არის შესაძლებელი, სატენდერო პირობები ვერ იქნება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების შესაბამისი”, – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს დასკვნაში.
“ჯითი გრუპი” საჩივარში, ქარელის მერიის დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობდა. კომპანიამ დეტალური დასაბუთება წარადგინა დავების საბჭოში, რის საფუძველზეც აღნიშნულმა საბჭომ დააკმაყოფილა “ჯითი გრუპის” საჩივარი.
“მივიჩნევთ, რომ ქარელის მერია უსაფუძვლოდ ზღუდავს კონკურენციას მის მიერ ასეთი არათანაზომიერი და ბუნდოვანი სატენდერო პირობების დადგენით და აწესებს დისკრიმინაციულ მიდგომას, რაც არ შეესაბამება კანონსა და მართლწესრიგს”, – აღნიშნულია საჩივარში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქარელის მერია იძულებული გახდა შეეწყვიტა ტენდერი.