ბლოგები

როგორ მოვამზადოთ გოზინაყი საახალწლოდ?

ავტორი: ციცინო ხაჩიძე

გოზინაყი საახალწლო სუფრის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნუგბარია. მიუხედავად იმისა, რომ კარგი კულინარიური შესაძლებლობები მაქვს, წლების განმავლობაში, კარგი გოზინაყი არ გამომდიოდა. ბევრი რეცეპტი გამოვცადე და ახლა მინდა გაგიზიაროთ ის, რომლითაც ნამდვილად საუკეთესო გოზინაყი გამომდის. 

რა დაგვჭირდება? 

  • თაფლი 250 გრამი;
  • ნიგოზი 500 გრამი;
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი. 

გაითვალისწინეთ,  რომ ნიგოზი უნდა იყოს თეთრი, თაფლი კი ნატურალური.

როგორ ვამზადებთ გოზინაყს?

  • ტაფა დადგით დაბალ ცეცხლზე და მასზე მოათავსეთ ნახევარი კილოგრამი ნიგოზი. ურიეთ გამუდმებით. როდესაც მოიხალება, გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და ხელით ნაზად გააცალეთ კანი. კარგად გასუფთავებული ნიგოზი სასურველ ზომებად დაჭერით.
  • ტაფა კვლავ დადგით დაბალ ცეცხლზე, ზედ მოათავსეთ 250 გრამი თაფლი და ურიეთ ამოქაფებამდე, შემდეგ დააყარეთ ერთი სუფრის კოვზი შაქარი და გააგრძელეთ მორევა. როცა შაქარი გადნება დააყარეთ უკვე მომზადებული, დაჭრილი ნიგოზი. მორევა გააგრძელეთ და მოშუშეთ იქამდე, ვიდრე ნიგოზი კარამელის ფერს არ მიიღებს.
  • მზა, კარამელისფერი მასა გადაიტანეთ წინასწარ მომზადებულ გაშლილ პერგამენტის ქაღალდზე, გაასწორეთ ხელის მოძრაობით და შემდეგ დასველებული, ცომის გასაბრტყელებელი ჯოხით გაასწორეთ სასურველ სისქემდე.
  • შეგრილებული გოზინაყი დაჭერით და მოათავსეთ თეფშებზე.
დატოვეთ კომენტარი