გორის მუნიციპალიტეტი მერიამ წინასაახალწლო ღონისძიებების გასამართად თანხა 340 000 ლარამდე გაზარდა. აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს მორიგ სხდომაზე იმსჯელეს.
“ეს თანხა იქნება წინასაახალწლო ღონისძიებებისთვის, რომლებიც ექნება კულტურის ა(ა)იპ-ის”, – განაცხადა მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა, დალი ტლაშაძემ.
“ბევრი ხომ არ არის 220 ათასით გაზრდა, ანუ უკვე არსებულ ბიუჯეტს დაემატება და გამოვა 340 ათასი?”, – იკითხა ფრაქციის “გორის-საქართველოსთვის” წევრმა, მამუკა ფანიაშვილმა.
საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული თანხა შესაძლოა სააგენტომ ბოლომდე არ გახარჯოს.
“შეიძლება საერთოდ არ დახარჯოს და შეიძლება სულ დახარჯოს, გააჩნია, როგორ ღონისძიებებს გააკეთებს. წინასაახალწლო ღონისძიებებისთვისაა ეს თანხა. აქ იქნება ბავშვებისთვის თოვლის ბაბუისა და საჩუქრების თემა, გაიმართება ბაზრობა და გამოფენები, ძალიან ბევრი ღონისძიებებია დაგეგმილი. კიდევ უფრო საინტერესო და უკეთესი ღონისძიებები იქნება. ა(ა)იპ-ისგან წამოვიდა ეს ინიციატივა და სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა ეს თანხები ამ მიმართულებით მიგვემართა”, – განმარტა დალი ტლაშაძემ.