“იმისთვის, რომ ფაკულტეტს ეარსება, გვითხრეს რომ აგვერჩია პედაგოგიკა მაინორ პროგრამად და ჩაგვეწერებოდა დიპლომში, თუმცა ასე არ მოხდა”, – ამბობენ გორის უნივერსიტეტის ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტები, რომლებსაც სწავლა ფაქტიურად დასრულებული უნდა ჰქონდეთ, თუმცა უკვე გავლილი საგნის, მეორედ გავლა უწევთ.
ერთ-ერთი სტუდენტი “მოზაიკასთან” ამბობს, რომ ერთი წელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან იმის გარკვევას ცდილობენ, რატომ სწავლობენ უკვე გავლილ საგანს და რატომ აღარ ჩაეწერათ მეორად პროფესიად დიპლომში პედაგოგიკა, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.
“პედაგოგიკა გაგვატარეს “მაინორ” პროგრამად და გვითხრეს, რომ ჩაგვეწერებოდა დიპლომში და აღარ დაგვჭირდებოდა მეორედ გავლა, მაგრამ რომ დავამთავრეთ, გვითხრეს რომ აღარ გვეწერებოდა დიპლომში და უნდა გაგვევლო მეორედ. მანამდე არ უთქვამთ, რომ 2017 წლის შემდეგ, კანონში ცვლილება ყოფილა და აღარ იწერებოდა დიპლომში. ჩვენ ეს გავიგეთ, როცა ჩვენი ფაკულტეტი გადიოდა აკრედიტაციას. შემდეგ დაგვპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებნენ, რომ ჩაწერილიყო დიპლომში. მაგრამ ახლა მეორედ გვიწევს იგივე პროგრამის გავლა. ერთი წელია 50-მდე სტუდენტი ვითხოვთ პასუხს და ვერ მივიღეთ”, – გვიყვება ნათია ტატიაშვილი.
მისი თქმით, სწავლის დაფინანსებას სახელმწიფოსგან იღებს, რის გამოც ფიქრობს, რომ უნივერსიტეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სტუდენტებს საგნის მეორედ გავლას სთხოვს. როგორც ის ამბობს, ის სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფოსგან არ ფინანსდებიან, აღნიშნულ საგანში საფასურს იხდიან.
“დეკანი რექტორთან გვამისამართებს, რექტორი მოადგილესთან და ასე შემდეგ. მე სახელმწიფო მაფინანსებს, როცა გავიარეთ ეს პროგრამა მაშინაც სახელმწიფო გვაფინანსებდა, მაგრამ რა აზრი აქვს, ჩემი სწავლისთვის განკუთვნილი ფული ხომ უნივერსიტეტში მოდის, რატომ უნდა გავიარო იგივე პროგრამა მეორედ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ფინანსური სარგებლისთვის აკეთებს ამას უნივერსიტეტი. ერთი წელი რომ არ დაგვეკარგა და რომ დაგვპირდნენ, რომ ჩაგვეწერებოდა დიპლომში “მაინორად” პედაგოგიკა, მაგიტომ ავირჩიეთ, თორემ ავირჩევდით სხვა პროგრამას, მაგ:ისტორიას. პედაგოგიკის ფაკულტეტს, რომ ეარსება ამდენი სტუდენტი მოგვატყუეს”, – ამბობს ნათია.
სტუდენტები ფიქრობენ, რომ უნივერსიტეტმა ისინი მოატყუა და კანონში ცვილილების შესახებ დროულად არ შეატყობინა.
“თუ რაიმე ცვლილება იყო შესული, უნდა ეთქვათ ჩვენთვის, რომ აღარ არის მაინორი და მხოლოდ თავისუფალ კრედიტებად გვეთვლება, მაგრამ პასუხი იყო საპირისპირო, რომ პედაგოგიკას როგორც “მაინორს” ანუ დამატებით პროფესიად გავივლიდით და აისახებოდა დიპლომში. მთელი სამი წელიწადი ვსწავლობდით და რატომმ არ გვითხრეს, რომ მხოლოდ თავისუფალ კრედიტებად გვეთვლება თურმე, როგორც კურსის ბოლოს გვითხრეს და დავრჩით გაღიმებულნი ამდენი სტუდენტი”, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი , ნინო მერებაშვილი.