ქარელში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ქონების გაყიდვამ ქაოტური სახე მიიღო – ამბობს საკრებულოს წევრი პარტიიდან “საქართველოსთვის”, ვასიკო ბაქრაძე.
ბაქრაძეს საკითხის დარეგულირება კომისიის შექმნით წარმოუდგენია, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს რომელი ქონება რა პირობით უნდა გასხვისდეს. ამ ინიციატივით დეპუტატმა საკრებულოს უკვე მიმართა.
“კარგი იქნება, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების დროს ხელშეკრულებაში ჩაიდება ისეთი პუნქტი, რაც მორგებული იქნება ეკონომოკის განვითარებაზე. მაგალითისთვის მოვიყვან ძამის ხეობაში გასხვისებულ მიწის ნაკვეთებს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია. ჩვენ შეგვიძლია მყიდველს მოვთხოვოთ, რომ იქ ააშენოს სასტუმრო, კვების ობიექტი, რითაც ისარგებლებს ძამას ხეობაში მოსული ტურისტი. ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება ვფიქრობ”, – ამბობს ბაქრაძე.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტმა სტრატეგიული გეგმაც უნდა შეიმუშაოს.
“მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშაოს სტრატეგიული გეგმა, რომელიც მორგებული იქნება არსებულ რეალობას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და მეტი ადამიანის დასაქმებას”, – აღნიშნა ბაქრაძემ.