ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მონაზონზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს, 28 ნოემბერს გაიმართება. დაცვის მხარის ინფორმაციით, სასამართლომ პროცესზე ბრალდებულებისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.
გიგა ჯეირანაშვილის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და იყენებენ კანონით მინიჭებული დუმილის უფლებას.
“ბრალდებულებს წარედგინათ ბრალი. დღეს ხაშურის რაიონული სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის შეფარდების საკითხზე, ამისთვის 24:00 საათიანი ვადაა და ჩვენ ველოდებით სასამართლო პროცესს, სადაც ჩვენ წარვდგებით ჩვენი კონკრეტული პოზიციით. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან, რაც შეეხება სხვა დეტალებს, მათ საუბრისგან თავი შეიკავეს, მათშორის ჩვენების მიცემისგან და ისარგებლეს კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით”, – ამბობს ჯეირანაშვილი.
ჯეირანაშვილის თქმით, საქმეში არის მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის საფუძველზეც გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საქმეზე დაკავებულმა ორმა პიროვნებამ ეს დანაშაული ჩაიდინეს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამბობენ, რომ მონაზონს აქამდე არ იცნობდნენ, ამაზე შემიძლია მკაფიოდ გაგცეთ პასუხი. გამოძიება ეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას, დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზები და ამის საფუძველზე გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კონკრეტული მუხლებით, მათ ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული”, – ამბობს ის.
ინფორმაციისთვის, 70 წლამდე მონაზონზე ძალადობა რამოდენიმე დღის წინ ცხრამუხის დედათა მონასტერში განხორციელდა. საქმეზე ორი მამაკაცია დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 27 და 39 წლის მამაკაცებს 20 წლამდე, ან უვადოდ პატიმრობა ემუქრებათ.