სტალინის ქუჩაზე მდებარე კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მალე დასრულდება. განახლებული შენობების ნაწილზე, დეკორაციები განთავსდა. ერთ-ერთი კი სტალინის #2 მდებარე კორპუსია, რომლის აივნებზე ხელოვნური ყვავილების გადმოფინეს.
აღნიშნულ სიახლეს სოციალურ ქსელში მოსახლოების ნაწილი კრიტიკით გამოეხმაურა. მათი თქმით, კორპუსებში არსებული კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემა გაუმართავია.
“ეს ხელოვნური ყვავილები არი ხალხის თვალებში ნაცრის შეყრა. კორპუსები გამომპალია და ჯობდა, ჯერ შიგნიდან მიგეხედათ“, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში.
“მოზაიკა” სტალინის #2 -ში მცხოვრებ მოსახლეობას ესაუბრა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, კორპუსის სახურავი და საძირკველი დაზიანებულია.
“ყოველი წვიმის დროს იტბორება სარდაფი და გადაადგილება გვიჭირს. ეზოები სავსეა ნარჩენებით და ნაგვით, სახურავიც დაზიანებულია. არაერთხელ მივმართეთ მერიას, მათ შეამოწმეს კორპუსები და გვითხრეს, რომ სერიოზული დაზიანებები არ არის და საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ საძირკველი სულ უფრო ზიანდება და ლპება. სანიაღვრე არხები საერთოდ გაუმართავია“, – ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ნელი ტატიშვილი.
ინფორმაციისთვის, სტალინის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადები ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები პროექტის “განახლებული რეგიონების” ფარლგებში მიმდინარეობს.