ავტორი: სოფიო ნარიაშვილი
დაწერილი მხატვრული ნაწარმოების, განსაკუთრებით კი ლექსის, სხვის მოსასმენად კითხვას საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საუკუნეების განმავლობაში უდიდესი ლიტერატურული ნაწარმოებები არა ბეჭდური, არამედ ხელნაწერის სახით არსებობდნენ, მაშინ ნათელი გახდება, თუ რას ნიშნავდა ერთი მწიგნობრის კარგი კითხვა მრავალთათვის მოსასმენად. არაერთი ადამიანი ადასტურებს იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა წიგნის ასეთ კითხვას ოჯახში.
ცნობილია, რომ ძველად, საქართველოში, დიდგვაროვან ოჯახისშვილებს მზითევში წიგნებსაც ატანდნენ. ეს იმის ნიშანია, რომ მწიგნობრობა დიდად ფასობდა. ხელნაწერი ხომ იშვიათობა იყო – განძი. მას საგანგებოდ ინახავდნენ და უფრთხილდებოდნენ. მისი კითხვა მაშინ არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა. როგორც ჩვენი მწერლები იხსენებდნენ, ასეთი ხელნაწერები სკივრში ინახებოდა, საიდანაც მოწიწებით იღებდნენ, მუხლებზე იდებდნენ და ასე კითხულობდნენ ხმამაღლა.
ნელ-ნელა, დრომ და კითხვის სიხშირემ გამოაჩინა უკეთესი შემსრულებლები. მათ გაუჩნდათ მიმბაძველები. დროთა განმავლობაში, იზრდებოდა მკითხველთა რაოდენობა, ამავე დროს ყალიბდებოდა მხატვრული ნაწარმოებების ხმამაღლა კითხვის თავისებური ტრადიციაც.
რამდენიმე საინტერესო ცნობა მხატვრული კითხვის ტრადიციის შესახებ:
- მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისათვის საქართველოში ჯერ კიდევ ცოცხალია ტრადიცია ლექსის წამღერებით კითხვისა. ეს წესი მდგომარეობდა სტრიქონის “ტკბილად დაბოლოებაში“, “ამუსიკებაში“.
- მე-19 საუკუნის ბოლოსკენ, ახალმა დრომ თავისი მოიტანა და ლიტერატურული შეკრება-საღამოების ტრადიცია დამკვიდრდა.
- ლიტერატურული შეკრება -საღამოები საქართველოში პროფესიული თეატრის აღდგენამდეც იმართებოდა და მისი აღდგენის შემდეგაც. ორივე შემთხვევაში, მხატვრული კითხვა სათეატრო სულიერი საკვების ნაკლებობის თავისებური კომპენსაცია იყო.
- 1874 წელს ქართული ენა არასავალდებულოდ გამოცხადდა. ცარიზმის წნეხს ქართველებმა აქტიურობა დაუპირისპირეს. ინტენსიური გახდა ქართველებში წერა-კითხვის გავრცელების კამპანია, რაც მხატვრული კითხვის საღამოების მოწყობასაც მოიცავდა.
1875 წელს თბილისის საზაფხულო თეატრში გაიმართა პირველი საჯარო ლიტერატურული საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ ორბელიანმა, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ერისთავმა, რაფიელ ერისთავმა, ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა. გაზეთში ,,დროება“ სერგეი მესხის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ:
“… არც ერთ ქართულ წარმოდგენას, არც ერთ სხვა რომელსამე თავის შესაქცევარს, დროის გატარებას არ მოუხდენია ჩვენში არასოდეს ისეთი კარგი, ისეთი სასიამოვნო შთაბეჭდილება, როგორც ამ სალიტერატურო საღამოს.”
რატომ არის მხატვრული კითხვა მნიშვნელოვანი?
მხატვრული კითხვა ფართო საზოგადოებისთვის ჭეშმარიტი ქართულის მიწოდების უძლიერესი საშუალებაა, მაშასადამე ერის სულის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალებაც. ჩვენ დიდ წინაპრებს ეს გაცნობიერებული ჰქონდათ და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ამ გზითაც იბრძოდნენ.
მიუხედავად ამ განსხვავებისა, ისინი ინახავდნენ ლიტერატურულ ტრადიციას, აღვივებდნენ ინტერესს ეროვნული კულტურისადმი.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისათვის საქართველო პოლიტიკურად სავსებით დაპყრობილია მეფის რუსეთის მიერ. იწყება ბრძოლა ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხების გარშემო, რადგან განმათავისუფლებელი იდეების გაშლა-განვითარების საშუალებას სწორედ რომ ქართული ლიტერატურა იძლეოდა.
რატომაა ამ ტრადიციის დაცვა-აღდგენა აუცილებელი?
ისევ იმისთვის, ენის სიწმინდისათვის, ეროვნული თვითმყოფადობისათვის, უკვე თავისუფალ საქართველოში. განა ცოტა რამ ემუქრება ჩვენს თავისთავადობას გარედან და შიგნიდან?
მხატვრული კითხვა ადრეც და ახლაც მრავალთათვის მოსასმენი წმინდა ქართული წარმოჩენაა. რაც შეიძლება ხშირად უნდა გაისმოდეს იგი ყველგან. განსაკუთრებით საინფორმაციო საშუალებებით, რადგან იქიდან მოუბართ მთელი საქართველო უსმენს.
სანიმუშო ქართულის სისტემატური მოსმენა საუკეთესო იარაღია ენის სიწმინდის დაცვისათვის წამოწყებულ ბრძოლაში. ეს გზა ძნელია, მაგრამ საპატიო, ვინაიდან იგი ქვეყანასა და ხალხს ემსახურება.
დღევანდელი ნებისმიერი შედეგი თუ მიღწევა წინააღმდეგობებით სავსე შრომისა და ბრძოლის მონაპოვარია, რადგან ეს გზა ზნეობრივი სკოლაა, ადამიანის სულიერი გამდიდრების კერაა და მუდმივად იბრძვის მშობლიური ენის შენარჩუნება-დამკვიდრების საპატიო საქმეში.