ქარელში, სატყეოს კორპუსში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი 15 ოჯახი მერიას დახმარებას სთხოვს. მათი თქმით, კორპუსის სახურავს სასწრაფოდ შეკეთება სჭირდება.
“სახურავი ძალიან არის დაზიანებული. როცა წვიმს, წყალი სახლებში ჩამოგვდის”, – ამბობენ ადგილობრივები.
მათივე ინფორმაციით, მერია პრობლემის მოგვარებას ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამით სთავაზობს.
“მერია გვეუბნებაა თანადაფინანსებით გაგიკეთებთო, თითო ოჯახს 300 ლარის დადება გვიწევს, რაც არ გვაქვს. აქ ყველა სოციალურად დაუცველი ან დევნილია, მაგ თანხას ვერ დავდებთ. თვითონ ამდენ ფულს კონცერტებში და საახალწლო განათებებში ხარჯავენ და 3000 ლარი ვერ გამონახეს სახურავი,რომ შეცვალონ”, – ამბობს თაზო ემანულიძე.
ოჯახები ამბობენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, კორპუსში ცხოვრება კიდევ უფრო საშიში ხდება.
საკითხის გარკვევის მიზნით, “მოზაიკა” ქარელის მერიას დაუკავშირდა. უწყების ინფორმაციით, კორპუსის შეკეთების ერთადერთი გზა თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობაა.
“პროგრამა გვაქვს და ამ პროგრამის ფარგლებში 90 პროცენტს მერია აფინანსებს, ხოლო პროცენტს იხდის ამხანაგობა. ყველა კორპუსის რეაბილიტაცია ამ პროგრამით ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულებაც მათივე, ანუ ამხანაგობის მიერვე წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით იანგარიშება”, – გვითხრა მერის მოადგილე ნათია მაწონაძემ.