ახალი ამბები

ორ თვეზე მეტია, კასპში სამშობიარო არ ფუნქციონირებს

2022 წლის აგვისტოში კასპში არსებული კლინიკა „მედალფას“ სამშბიარო განყოფილება გაუქმდა, რის გამოც კასპში ამჟამად არც ერთი სამშობიარო დაწესებულება აღარ არსებობს.

განყოფილების გაუქმებით ადგილობრივები უკმაყოფილოები არიან.

„ამხელა ქალაქში ვიღაცას მუცელი რომ ასტიკვდეს, თუ თბილისში ვერ ჩაასწრო, მანქანაში იმშობიარებს, სამშობიაროს გაუქმებაზე ვინც ხელი მოაწერა, ის ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს“, – ამბობს კასპში მცხოვრები ვანო ბითარიშვილი.

ოპოზიციის ინფორმაციით, კასპელებს მშობიარობისთვის სიარული გორსა და თბილისში უწევთ. 

“ჩემი ინფორმაციით,  “მედალფამ” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დახურა სამშობიაროები. სტანდარტების გარკვეულ ნორმებში ჰქონდათ გაუმართაობა. ისიც აღსანიშნავია, რომ კასპის სამშობიაროში სიკვდილიანობაც იყო გახშირებული.დაახლოებით ორი თვის წინ დაიხურა სამშობიარო და ჯერ-ჯერობით ალერნატივა არ ჩანს”, – გვითხრა ენმ-ის წევრმა, მირანდა თვარაძემ. 

სამშობიარო დაწესებულების არსებობის საჭიროებას ადგილობრივი ხელისუფლებას ადასტურებს. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ მიმართულებით მერთან ერთად მუშაობენ. 

“ამ თემაზე დღესაც ვმუშაობთ და ბატონი ვახტანგიც, კასპის მერი, აქტიურად არის საკითხის მოგვარებაში ჩართული. საკითხი მართლაც პრობლემატურია და ჩვენ კლინიკის წარმომადგენლებსაც მივმართეთ, თუმცა ამ ეტაპზე საქმე არ დაძრულა და ვერ გეტყვით, როდის გადაწყდება საკითხი სასიკეთოდ, თუმცა ვმუშაობთ მის გადასაჭრელად“, – განმარტავს შოთა ბეგლარიშვილი

ინფორმაციისთვის, კასპში კლინიკა „მედალფას“ სამშობიარო განყოფილება 2011 წლიდან ფუნქციონირებდა.

დატოვეთ კომენტარი