სტატიები

170 000 ლარი უფასო სასადილოსთვის – ხაშურის მერიამ ტენდერი გამოაცხადა 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოცხადა ტენდერი უფასო კვების მომსახურების შესასყიდად, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 170 000 ლარი გაითვალისწინა. 

უწყებას უფასო კვების გარდა, სურს შეისყიდოს სასადილოს მომსახურებაც, რომელიც ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს. 

“პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს კეთილმოწყობილი სასადილო ფართის გამოყოფა ქალაქის ადვილად მისადგომ ადგილას, დანართის შესაბამისად განსაზღვრულ ბენეფიციართა არანაკლებ 1/3-ის ერთჯერადად მოთავსება და ერთდროული კვება. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გადაცემული ბენეფიციართა პერსონალური სიისა და მენიუ-განწერის შესაბამისად  მუნიციპალიტეტში მცხოვრები 185 სოციალურად დაუცველი პირის ყოველდღიური ერთჯერადი კვება სამკომპონენტიანი სადილით”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

ხაშურის მერია გეგმავს, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ბენეფიციარებმა უფასო სასადილოთი ერთი წლის განმავლობაში ისარგებლონ. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება 2023 წლის 1-ელი იანვრდიან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს. 

უწყებას შედგენილი აქვს ასევე ყოვილდღიური კვების მენიუც, რომელიც ახალი ტენდერის გამოცხადების მიუხედავად არ შეცვლილა. “მოზიაკამ” აღნიშნული მენიუს შესახებ მასალა რამდენიმე თვის წინ მოამზადა. 

ინფორმაციისთვის, ხაშურში კიდევ ერთი უფასო კვების სასადილოა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტის, ზაზა მეხრიშვილის ინიციატივით გაიხსნა და 30-მდე ბენეფიციარს ემსახურება.

დატოვეთ კომენტარი