გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასების მომატებას ახალი წლიდან პირდებიან.
“მოზაიკას” ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ლალი მამადაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, სამხედრო ჰოსპიტალსა და თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება შედგა და უწყება მათ თანხის მომატებას დაპირდა.
“ჩვენ ველაპარაკეთ ჰოსპიტალის წარმომადგენლებს. ისინი დაგვპირდნენ, რომ იანვრის თვეში მოგვიმატებენ ხელფასს და გახდება 500 ლარი. ამ ეტაპზე ვრჩებით ყველა და ვაგრძელებთ მუშაობას”, – ამბობს ლალი მამადაშვილი.
გორში სამხედრო ჰოსპიტალის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქცია გასულ კვირის წინ მოაწყეს. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ 280 ლარიდან ხელფასის 500 ლარამდე ზრდას და თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადასვლას, რადგან ისინი ახლა შპს “ჯითი გრუპის” დაქვემდებარებაში არიან და ვერ სარგებლობენ დაზღვევით.
“გვითხრეს, რომ იანვრის თვეში განიხილება სამინისტროს ბალანსზე დაბრუნების საკითხიც, თუმცა ჩვენი მოთხოვნა უპირველესად არის ხელფასის ზრდა და ველოდებით ამას”, – განმარტავს მამადაშვილი.