ადამიანები ისტორიები

“მხატვრობა საოცარი თერაპიაა და მას ასაკი არ აქვს” – ლიზი თედიაშვილი

პატარა ასაკში დახატულ ნახატებს ხშირად ყურადღება არ ექცევა, ეს არასწორია, რადგან ამ დროს ბავშვი სკუთარ ემოციებს გადმოსცემს”, – გვიყგვება 13 წლის ლიზი თედიაშვილი, რომელიც 1 წელია ხატვას პროფესიულად ეუფლება და ქმნის, როგორც საავტორო ისე ცნობილი მხატვრების რეპროდუქციებს.

“ხატვა პატარა ასაკიდან მიყვარდა. ვფიქრობ, ყველა მოზარდშია ხატვის ნიჭი. ეს ბავშვების ერთ-ერთი საუკეთესო გასართობია. მარტივ ხაზებით, გრაფიკებით და ფიგურებით, ჩვენ ჩვენს ემოციებს გადმოვცემთ. შესაძლოა, ყველამ ზრდასრულ ასაკში მხატვრობა არ აირჩიოს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს უნარი პატარა ასაკში მუშავდება. მხატვრობა საოცარი თერაპიაა და მას ასაკი არ აქვს”, – ამბობს ლიზი.

ლიზი ერთი წელია, რაც ქარელში სამხატვრო სტუდიაში სწავლობს. ახლა ის ხატვის სხვადასხვა ტექნიკებს ეუფლება. ამბობს, რომ ამ საქმეს თავისი დროის უდიდეს ნაწილს უთმობს – მუშაობს როგორც სახლში, ისე სტუდიაში.

“როდესაც გავიგე, რომ ქარელში სამხატვრო სტუდია დაარსდა, რა თქმა უნდა, გადავწყვიტე მივსულიყავი. განსაკუთრებით პორტრეტებზე მუშაობა და ადამიანების ხასიათის აღბეჭვდა მიყვარს. თითო ნახატზე დაახლოებით ერთი თვე ვმუშაობ, გააჩნია სირთულეს და ნახატის სიდიდეს. მიყვარს, როდესაც ჩემს ნამუშევრებში ბევრი სიფერადეა”.

ლიზი სამომავლო გეგმებზე და პროფესიაზეც გვესაუბრება. ამბობს, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარებს, მგრამ ფერწერას აირჩევს თუ გრაფიკულ დიზაინს, ამას შემდგომში გადაწყვეტს.

“ტექნიკურად გამართული, პირველი ნახატი მახსოვს შველი იყო. ჩემი ყველა ტილო ჩემს სახლში იანახება, ეს ნამუშევრები მაგალითია იმის, როგორ ვიზრდები დროსთან ერთად. ვფიქრობ, ეს სამომავლოდ ძალიან დამეხმარება, რადგან ვაპირებ ეს საქმე ჩემი პროფესია გახდეს”, – გვიყვება ლიზი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.