ადამიანები ისტორიები

თვითნასწავლი ხელოვანი, რომელიც ხელსაქმეს ახალგაზრდებს ასწავლის – ქეთი ავთანდილაშვილი

“პირველი ჩემი ნაქარგი იყო ნატვრის ხე, რომელიც ძალიან პატარა ასაკში შევქმენი”, – ამბობს ქეთი ავთანდილაშვილი, რომელიც საკუთარი ხელით შექმნილ ნამუშევრებს გვაჩენებს და ყველა მათგანს ცალ-ცალკე გვიხასიათებს, – “ეს ბისერებით მოვქსოვე, ეს ლენტებითაა, აქ ფრანგული კვანძებია გამოყენებული”. ქეთი ამბობს, რომ დამოუკიდებლად შეისწავლა ყველა საჭირო ტექნიკა და ახლა ის სხვესაც უზიარებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას.

ქეთი რუისის სკოლაში სპეც. მასწავლებლად მუშაობს და ამავე სოფლის ხელოვნების სკოლაში ადგილობრივებს ხელსაქმეს ასწავლის. ქარგვა პატარა ასაკში მეზობელმა ასწავლა. როგორც იხსენებს, პირველი საქარგი რგოლი და მასალებიც მან შეუძინა.

“ბავშვობიდან ვქარგავ, მეზობლის ბებო ქარგავდა ხოლმე და მას ვუყურებდი. პირველი საქარგი მულინები ბებომ მაჩუქა, საქარგი რგოლიც მან მიყიდა. დროთა განმავლობაში, საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად, ცოდნა დამოუკიდებლად გავიღრმავე. ახლა უამრავ ტექნიკას ვიყენებ ქარგვის პროცესში, რაც ნამუშევარს განსხვავებულს და ორიგინალურს ხდის”, – ამბობს ქეთი.

ქეთის ნამუშევრები მრავალფეროვანია – ქმნის სამკაულებს, აქსესუარებს, ჩანთებს, თუმცა ნამუშევრებში ყველგან იყენებს ქარგვის ტექნიკას.

“20-მდე ხელით შესრულებული ანბანი მაქვს მოქარგული. სამკაულები, ყელსაბამი … ყველაფერში ვიყენებ ქარგვის ტექნიკებს. რთული არ არის, ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა, სულს მილამაზებს, ასე რომ ვთქვათ. ტენდენცია წამოვიდა და ძალიან ტრენდული გახდა ქარგვა, ასევე ბისერებით გაწყობა, ტანსაცმლის, აქსესუარების, რაც ახალგაზრდებსაც ძალიან აინტერესებთ. ვქარგავ ტილოზე, ტყავზე, ვაფორმებ სუფრებს, რაც ძალიან ლამაზი გამოდის. ესკიზს არასდროს ვაკეთებ, პროცესში მომდის იდეები”, – ამბობს ქეთი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.