კასპში მცხოვრები ოთხი შვილის დედა ეკატერინე ბახტაძე, მეორადი ნივთებისგან ლამაზ დეკორაციებს ქმნის. კერვა, ქსოვა და ძაფებით დაწვნა ყოველთვის უყვარდა. ამბობს, რომ შვილებისთვის ხშირად ქმნიდა ნაჭრის თოჯინებს.
პროფესიით პედაგოგია, თუმცა სპეციალობით არ მუშაობს. წლებია, სურვილი აქვს, რომ ხელსაქმის უფასო წრე გახსნას და ამ მიმართულებით იმუშაოს ახალგაზრდებთან.
“ჩემი ხელსაქმის მიმართ სიყვარული იმდენად დიდია, რომ შემიძლია ძილი დავიკლო. სურვილი მაქვს უფასო წრე გავაკეთო სახლში და ახალგაზრდებს ჩემი ცოდნა გავუზიარო, ამისთვის თანხები მჭირდება. საკუთარ სახლში ფართი მაქვს, მაგრამ მის მოსაწყობად ნივთები მჭირდება და მასალები რაზეც მსურველებს ვამუშავებ”, – ამბობს ეკატერინე.
ძველ და ერთი შეხედვით გამოუსადეგარ ნივთებს ეკატერინე ახალ სიცოცხლეს ჩუქნის. მისი ნამუშევრები ორიგინალური და მრავალფეროვანია.
“სხვადასხვა მეორადი ნივთებისგან ვქმნი სახლის დეკორაციებს, მიყვარს ქსოვა, ამიტომ დავიწყე ჩანთების გაკეთებაც. თოჯინებს ვუქსოვ კაბებს. არ არსებობს გამოუყენებელი ნივთი, რომელსაც დანიშნულებას ვერ მოვუძებნი, ეს იქნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ბოთლი, ქილა, ან დაზიანებული ფინჯანი, თუ ნაყინის კონტეინერი. ამათ ვიყენებ ძირითად მასალად და ზემოდან ვქსოვ, ძაფით”, – გვიყვება ის.
ეკა ამბობ რომ მისი ნამუშევრები განსაკუთრებით საახალწლოდ არის მოთხოვნადი. ამიტომ ამ დროს იმაზე მეტი შეკვეთა აქვს, ვიდრე სხვა თვეებში.
“ძირითადად დღესასწაულებზეა ხოლმე შეკვეთები, 8 მარტისთვის და საახალწლოდ. ამ დღისთვის მიკვეთავენ ხოლმე აქსესუარებს, თოვლის პაპებს, ციგებს, რომელსაც ნაძვის ხესთან დგამენ. ძირითადად დამკვეთის მოთხოვნაზე ვარ დამოკიდებული, მთავარია მითხრან, რა უნდათ და მე დაუზარებლად ვამზადებ”, – ამბობს ეკატერინე.