ახალი ამბები

ენმ-ში შიდა პარტიული არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გორელი წევრებიც უერთდებიან

პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წევრების ნაწილი შიდა პარტიული არჩევნების ჩატარებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ, რეგიონულ ლიდერებთან ერთად გააკეთა. ამ მოთხოვნას პარტიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლებიც უერთდებიან. 

“ოლიგარქიული სისტემის დასამარცხებლად და პარტიის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ჩატარდეს შიდა პარტიული ახალი არჩევნები ყველა დონეზე”, – განაცხადა ბექა ქორჩილავამ, შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის წევრმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა.

მისი თქმით, აღნიშნულ მოსაზრებაში სხვა კოლეგებიც ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ პარტიის შიგნით ცვლილებები აუცილებელია.

“ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა მიერთდება. რაც შეეხება პარტიაში განხეთქილებას, თუკი ვინმე განსხვავებულად ფიქრობს, მას უნდა ჰკითხოთ ამის შესახებ”, – განაცხადა ქორჩილავამ.

თანაგუნდელების განცხადებას, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ უპასუხა და განაცხადა, რომ მზადაა პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.