ჩვენს ქვეყანაში ვერ იპოვით ქალს, რომელიც საშინაო შრომაში არაა ჩაბმული. თუმცა განსხვავებულია როგორც შრომის სიმძიმე, ისე ქალების მიერ ამ შრომის აღქმა. თუ ერთი ქალი გეტყვის, რომ მისი შრომა მძიმეა, მეორე გეტყვის, რომ მიჩვეულია, მესამე გეტყვის, რომ არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებს. ამ დროს ეს „არაფერი განსაკუთრებული“ შეიძლება ნიშნავდეს დილის ექვს საათზე გაღვიძებას, ძროხის მოწველას, რძის პროდუქტების დამუშავებას, ოჯახისთვის სადილ-ვახშმის მომზადებას, ბაღჩაში მუშაობას და სხვა მილიონი წვრილმანი საოჯახო საქმის კეთებას.
ამ ქალებიდან ერთ-ერთი სწორედ ნანა ტეფნაძეა, რომელიც სურამში ცხოვრობს და თითქმის 15 წელია, ნაზუქის ცხობით არჩენს ოჯახს. ნანას ქმარი ადრე გარდაეცვალა და ოჯახის საქმეებიც და პასუხისმგებლობაც მან ჩაიბარა.
“15 წელია, ნაზუქს ვაცხობ, ბავშვობიდან ვიცი ეს საქმე, დედა და ბებია აცხობდნენ ხოლმე და მეც იქიდან ვისწავლე. ცხოვრება რომ გაჭირდა თონეზე მუშაობა დავიწყე, ქმარი ადრეულ ასაკში გარდამეცვალა და შვილები დამრჩა გასაზრდელი. ჩემი დილა 6 საათზე იწყება, მოვდივარ თონეს ვახრებ და ვიწყებ ცხობას. რთულია ამდენი წელი თონეზე მუშაობა, მაგრამ რავქნა, ამით ვშოულობ პურის ფულს”, – ამბობს ნანა.
ამბობს, რომ ეს საქმე უყვარს, მადლიერი კლიენტები კი – კიდევ უფრო მეტად. გვიყვება, რომ კონკურენცია მაღალია, რადგან ცენტრალურ მაგისტრალზე ბევრი მსგავსი ობიექტია, ამიტომ მნიშვნელოვანია ნაზუქს არაფერი დააკლოს.
“წინა დღით ცომს ვზელ, დილით მოვდივარ, თონეს ვახურებ, ვაცდი რომ ჩანელდეს სიცხე, რადგან გახურებულ თონეს ვერ მიაკრამ ნაზუქს. რომ ჩავაკრავ, ყველა ნაზუქს კვერცხს ვუსვამ, პრიალა და გემრიელი რომ გამოვიდეს. შემდეგ ვახურებ თავსახურს და ცხვება. გამომცხვარ ნაზუქს თბილად ვფუთავ, კლიენტს თბილი უნდა, ცივს არ ყიდულობს. ერთი თონისგან 25 ნაზუქი გამოდის, დღის განმავლობაში ორი თონე, თონე ნახევარი იყიდება. აქ კონკურენციაც მაღალია, ვცდილობ, ჩემს ნაზუქს არაფერი არ დავაკლო, რომ კლიენტი ყოველთვის კმაყოფილი მყავდეს”, – გვიყვება ის.
ნანა ბებოს და დედის ტრადიციას აგრძელებს, ამიტომ ეს საქმე მისთვის საპასუხისმგებლოცაა. ამბობს, რომ ნაზუქს იქამდე გამოაცხობს, ვიდრე ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს.