ადამიანები ისტორიები

3 წლის ასაკში შექმნილი პირველი კომპოზიცია – კასპელი ლოტბარის ისტორია

კასპში მცხოვრები 32 წლის გიორგი ხასიშვილი წელებია ქართულ-ხალხურ მუსიკას და საგალობლებს ასწავლის. როგორც თვითონ გვიყვება, 3 წლის იყო, როდესაც ერთ ოქტავიან ფორტეპიანოზე კომპოზიცია ააწყო და მას შემდეგ უკრავს.

“მუსიკალური ნიჭი პატარა ასაკში აღმომაჩნდა. სამი წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა ჩამომიტანა პატარა ფორტეპიანო, რომელიც შედგებოდა ერთი ოქტავისგან და ამაზე ავაწყე აჭარული. ამის შემდეგ სადაც ფორტეპიანო იდგა ყველგან ვჯდებოდი და ვაწყობდი სხვადასხვა მუსიკალურ კომპოზიციებს”, – ამბობს გიორგი

გიორგიმ სწავლა მუსიკალური მიმართულებით გავაგრძელა, დაავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი, ვანო მურადელის სამუსიკო სასწავლებელი, ჩააბარე ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხა საგუნდო სადირიჟორო განყოფილებაზე, სულხან ცინცაძის მუსიკალურ კოლეჯში, სადაც მომენიჭა გუნდის ლოტბარი რეგენტის კვალიფიკაცია.

“არასდროს მიფიქრია სხვა პროფესიაზე, რაც ლოტბარის სტატუსი მივიღე, მას შემდეგ მყავს ბავშვები და ვასწავლი ქართულ მუსიკას. ვარ გუნდის პედაგოგი. ვასწავლი როგორც ხალხურს, ასევე საგალობლებს. გავდივართ სხვადასხვა კონკურსებზე, ფესტივალებზე და გვაქვს მიღწევებიც”, – გვიყვება გიორგი.

გიორგიმ პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში 8 თაობა გამოზარდა. მოსწავლეებთან მეგობრული და თბილია, თუმცა აღნიშნავს, რომ მეცადინეობის პროცესში სიმკაცრე აუცილებელია.

“უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები ამ საქმეს, პედაგოგი გუნდთან მუშაობით იზრდება, აქ უდიდესი შრომა და ენერგიაა საჭირო. ვფიქრობ ახალ კომპოზიციებზე, ვშლი პარტიებს, ვანაწილებ. სხვადასხვა ასაკის ბავშვები გვყავს და გაკვეთილზე ვერ იქნები მეგობარი, აქ ცოტა სიმკაცრე აუცილებელია, მაგრამ ამის გარეთ ვართ მეგობრები და ძალიან თბილი დამოკიდებულება გვაქვს. ლოტბარი უნდა იყოს პროფესიონალი თავის საქმეში, რომ შეძლოს გადასცეს სხვას”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.