ახალი ამბები

დაპირების მიუხედავად, სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე ეზოს რეაბილიტაცია ისევ არ დაწყებულა

გორში, სუხიშვილის ქუჩის #10-ში მდებარე ეზოს მოწესრიგებას მოსახლეობა დღემდე უშედეგოდ ითხოვს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხელისუფლების მხრიდან მიღებული დაპირების მიუხედავად, ეზოს მოპირკეთება ჯერ კიდევ არ დაყწებულა. 

„ძალიან დავიღალეთ, უკვე ზამთარი მოდის და უბანში გზა ისევ მოუწესრიგებელია. სანიაღვრე არხები საერთოდ არ არსებობს და კედლები ლპება. მერამდენედ უნდა მივიდეთ მერიაში? ყურს არავინ იბერტყავს და ვრწმუნდებით, რომ ჩვენს გამო თავს არავინ შეიწუხებს. ჩინოვნიკებს საკუთარი თავის მეტი არავინ აინტერესებთ”, – ამბობს გულნარა მამისთვალოვა, სუხიშვილის ქუჩის მკვიდრი.

კორპუსი და ეზო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაზიანდა და როგორც ადგილობრივები ამბობენ, რეაბილიტიცია არ ჩატარებია. ამის გამო, მოსახლეობამ თანხა შეაგროვა და ეზოს მოწესრიგება ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამით გადაწყვიტა. 

„არაერთი დაპირება მოვისმინეთ. გაჭირვებულმა ხალხმა ფული საკუთარი სახსრებით შეაგროვა და ისიც კი არ უნდათ, თავი შეიწუხონ და სწორი მიმართულები მაინც მოგვცენ, თუ ვის მივმართოთ სამუშაოების დასაწყებად. უკვე იმ ზომამდეა მისული საქმე, რომ ჩვენი კორპუსები მალე ავარიული გახდება, გამომპალი საძირკველის გამო“, – უთხრა “მოზაიკას” გულნარა მამისთვალოვამ.

დატოვეთ კომენტარი