გორის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს, რომ 45 თანამშრომლის პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარებისთვის 45 700 ლარი დახარჯოს. უწყებამ სატრენინგო მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა.
გორის მერიას სურს გადაამზადოს მე- III და მე- IV რანგის მოხელეები, რომლებიც ტრენინგს ორ ეტაპად გაივლიან.
პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ თემებს:
- ადმინისტრაციული წარმოება;
- ეთიკა საჯარო სამსახურში;
- პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
- ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა.
სატრენინგო კურსი უნდა მოიცავდეს ასევე დამატებით პროგრამასაც, როგორიცაა “მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე”.
პროგრამა განკუთვნილია გორის მუნიციპალიტეტის მერიის 10 თანამშრომლისთვის, მე- II და მე- III რანგის მოხელეებისთვის.
“სასწავლო პროგრამის მიზანია, სამოქალაქო საქმეებზე მუნიციპალიტეტის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის პრაქტიკული ასპექტების გაცნობით, მუნიციპალიტეტის იმ მოხელეთა კვალიფიკაციისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლების ხელშეწყობა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე წარმომადგენლობასთან”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2022 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.