კასპში მცხოვრებმა 16 წლის მოსწავლემ, ნინო სისაურმა რამდენიმე თვეა საკუთარი, მცირე ბიზნესის წარმოება დაიწყო. ის მეგობართან ერთად ხელნაკეთ ყელსაბამებს ამზადებს და ყიდის.
ნინო სისაურის ბიზნეს იდეა განხორციელდა ევროკავშირის პროგრამის “უნარები დასაქმებისათვის” (Skills4Jobs) ფარგლებში განხორციელებული პროექტის “უნარები წარმატებისათვის” ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის შედეგად. პროექტს ახორციელებენ საერთაშორისო ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვები” (Save the Children), კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო და ააიპ საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია.
ნინო გვიყვება, რომ სამკაულების დამზადება ყოველთვის მოსწონდა, მაგრამ იდეას თუ ბიზნესად აქცევდა, არ წარმოედგინა.
“ხელნაკეთი ნივთების დამზადება ყოველთვის მომწონდა. არასდროს მეზარებოდა ჩემი თავისთვის გამეკეთებინა სუვენირი, სამკაული, ასევე ვკერავდი კიდეც. ალბათ როგორც ყველა ბავშვი, ამ მხრივ არც მე ვიყავი განსაკუთრებული, თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ ამ გატაცებას ბიზნესის სახეს მივცემდი და საერთოდაც, მთელ ჩემ ცხოვრებას გადავაწყობდი ამ საქმეზე”, – ამბობს ნინო.
ნინომ მეგობართან ერთად ჯერ ტრენინგ-კურსი გაიარა, შემდეგ ბიზნეს პროექტი დაწერა. აქედან დაიწყო მისი მცირე ბიზნესიც
“გავიგე პროექტის შესახებ და გამიჩნდა ინტერესი. მე და ჩემი მეგობარი მარიამ გაგაძე ჩავერთეთ ამ აქტიობებში. ტექნოპარკში გავიარეთ ტრენინგები, როგორ უნდა შეგვექმნა ბიზნეს იდეა და მოგვეპოვებინა გრანტი. სასწავლო პროცესის შემდეგ ჩვენ დავწერეთ ბიზნესპროექტი, რომელიც დაგვფინანსდა. ეს იყო განმაპირობებლი იმისა, რომ ჩვენ, ჩვენი იდეისთვის ხორცი უნდა შეგვესხა”, – გვიყვება ნინო.
ნინო ყელსაბამებს ამზადებს. ამბობს, რომ მისთვის მთავარი ინდივიდუალიზმია, ამიტომ მათ ნამუშევრებში ორი ერთნაირი ნივთი არასდროს იქმნება.
“ჩვენი მთავარი ხაზი არის ყელსაბამები სხვადასხვა მასალისგან. მასალებს ვყიდულობთ და შემდეგ უკვე ჩენ ვარჩევთ, როგორი და რა ფორმის იქნება ის. ვმუშაობთ როგორც მეტალის მასალაზე, ასევე ხეზე. გვინდოდა, რომ ჩვენი ნამუშევრებით ინდივიდუალიზმი წამოგვეწია წინ, ამიტომ ნამუშევრებიც არის განსხვავებული, ორი ერთნაირი არ იქმნება, დეტალებს ყოველთვის ვცვლით. პირველად ხისგან დავამზადეთ ყელსაბამები და 12 ზოდიაქოს ნიშანი დავიტანეთ, რამაც ჩვენს ქალაქში კარგად იმუშავა, ძალიან მოეწონათ ახალგაზრდებს და არა მარტო”.
ნინო ახლა აბიტურიენტია. სამომავლო პროფესიად ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი შეარჩია, ამბობს, რომ საკუთარ ცოდნას და უნარებს ბიზნესის განსავითარებლად გამოიყენებს.
“ბუნებრივია რთულია დროის გადანაწილება, საპასუხისმგებლოა ძალიან, მიუხედავად იმისა მცირე ბიზნესია, მიწევს გვიანობამდე მუშაობა, ყველა დეტალის ხელში გატარება, საფრთხილო და საყურადღებოა ლაზერთან მუშაობა. ამ ყველაფერს დიდი დრო და ენერგია სჭირდება, რასაც მე და ჩემი მეგობარი არ ვიშურებთ. ამ პროექტმა შეცვალა ჩემი ცხოვრება. ახლა ვფიქრობ ბიზნესადმინისტრირება ვისწავლო, რომ ჩემი ცოდნა ჩემს ბიზნესს მოვახმარო. ამ ასაკში გქონდეეს შენი საქმე, ეს ძალიან საამაყოა ჩემთვის და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ განვითარება არ შევწვიტოთ”.