ახალი ამბები

წედისსა და ბნავისს ბუნებრივი აირი წელსაც არ მიეწოდება – მილები 2 წლის წინ დამონტაჟდა

„როდის უნდა ჩართოთ გაზი წედისში? შეშაც ვერ ჩამოგვაქვს და რითი უნდა გავთბეთ?’, – ზამთარის მოახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო ხშირად ისმის ეს კითხვები წედისსა და ბნავისში მცხოვრები მოსახლეობისგან.

ამ სოფლებში  მილები და რედუქტორები ორი წლის წინ მოეწყო, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება ამ დრომდე არ დაწყებულა. 

“დაქსელილია სოფლები და დაამონტაჟეს რედუქტორები, ამის იქით საქმე არ განვითარებულა და 2 წელზე მეტია წედისსა და ბნავისში გაზი არ გვაქვს. ზამთარი მოდის და რით უნდა გავთბეთ, წარმოდგენა არ გვაქვს. წელს ტყეშიც აღარ გვიშვებენ, რომ შეშა მოვიპოვოთ. დავდივართ და ვეძებთ სოფელში სადმე მორი, ან კუნძი თუ გდია, რომ იმით გავთბეთ“, – ამბობს წედისელი მურმან გაზაშვილი. 

საკითხის გასარკვევად, “მოზაიკას”  წედისსა და ბნავისში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა.

„ვიცით აღნიშნული პრობლემის შესახებ და წედისისა და ბნავისის გაზიფიცირება ჩვენი დღის წესრიგში დგას. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ორი სოფლის გაზით მომარაგება სავარაუდოდ 2023 წლამდე მოხდება“, – გვითხრა შოთა ვანიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები