“სამწუხაროა, რომ მოსამართლის სამართლებრივი თხოვნა, სიცრუის ტირაჟირების ფორმით, საღდება როგორც მუქარად და ანგარიშსწორებად”, – ასე გამოეხმაურა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გოგა კუპრეიშვილი ადვოკატის, მამუკა ნოზაძის ბრალდებას, იმის შესახებ, რომ ის ადვოკატს ღიად დაემუქრა.
მოსამართლე ამბობს, რომ მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიცრუეა და მისი რეპუტაციის შელახვას ემსახურება.
“რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე. ამაზე არსებობს, როგორც ვიდეო ისე აუდიო ჩანაწერი და ეს ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ერთ-ერთ პროცესზე, რომელშიც ის მონაწილეობდა, როგორც ბრალდებულის ინტერესების დამცველი, გამოირჩეოდა მთელი პროცესის განმავლობაში ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებით: “მოსამართლე ბჟუტურობს, ბლადუნობს, ბრიყვული სახით აცხადებს განაჩენს” და ასე შემდეგ. ამაზე მე გავაკეთე სამართლებრივი განმარტება, რომ მას როგორც ადვოკატს, არ შეეფერებოდა ასეთი გამოვლინებები. ეს არ ჯდება არანაირ გამოხატვის თავისუფლებაში. მე მას ვუთხარი, რომ მისი ქცევა ითვალისწინებს ჯარიმას, თუმცა ვუთხარი, რომ ამას არ გამოვიყენებდი”, – ამბობს მოსამართლე, გოგა კუპრეიშვილი.
კუპრეიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად, იმისა რომ აღნიშნული ადვოკატის მიმართ სამართლებრივი ღონისძიებების გატარება შეუძლია, ამის გაკეთებას არ აპირებს.
“ბატონო მამუკა, ჩემსა და თქვენს შორის ის განსხვავებაა, რომ თქვენ საჯაროდ მაყენებთ შეურაცხყოფას, გამოხატავთ უპატივცემულობას ჩემს მიმართ, მე კი საჯაროდ გეუბნებით, რომ გპატიობთ ამ ყველაფერს. მე გთხოვეთ, ნუ გააკეთებდით”, – აცხადებს კუპრეიშვილი.
ინფორმაციისთვის, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, გოგა კუპრეიშვილი ადვოკატმა, მამუკა ნოზაძემ მუქარაში და ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა. მან თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, შემდეგ კი ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს მუქარაში ადანაშაულებენ