ადვოკატი მამუკა ნოზაძე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, გოგა კუპრეიშვილს მუქარაში ადანაშაულებს. ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, “საქმის გარჩევა” დაუწყო.
“გორის რაონული სასამართლოს მოსამართლემ, სხდომის შემდეგ, დამიწყო საქმის გარჩევები, მუქარები იმაზე, რომ თუ კვლავ განვაგრძობდი სასამართლოს კრიტიკას მოახდენდა სამართლებრივ რეაგირებას, დამაპატიმრებდა, ან გამოიყენებდა ფულად სანქციას და ასე შემდეგ. ეს იყო პირდაპირი მუქარა და ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. მას ეწყინა, ის რომ ის იყო ჩინჩალაძის ყოფილი თანაშემწე. მისი გადმოსახედიდან სოციალურ ქსელში გამოხატული საჯარო აზრი, თურმე ყოფილა სასამართლოს სხდომის დარბაზში წესრიგის დარღვევა”, – ამბობს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.
ნოზაძე ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რათა შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.
“ნაკლები იმედი მაქვს ამის, იმიტომ რომ თვითონ კუპრეიშვილი არის კლანის წევრი და არანაირი რეაგირება ამას არ მოჰყვება, მაგრამ მე მაინც ფორმალურად მაინც მივმართავ. ასევე ვაპირებ მივმართო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და პროკურატურას”, – ამბობს ნოზაძე.