ახალი ამბები

რა ბედი ელის დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანას”?

დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანას” შესახებ, ბოლო პერიოდში, სხვადასხვაგვარი ინფორმაციები ვრცელდება. იყო ვარაუდი დაწესებულების გაყიდვის შესახებაც. 

“იავნანაში” მიმდინარე ცვლილებების გარკვევის მიზნით, “მოზაიკა” მის ხელმძღვანელს, დავით ქაჯაიას დაუკავშირდა. მისი თქმით, დაწესებულების მფლობელი არ შეცვლილა. 

“ჩვენი დამფუძნებელი არ შეცვლილა. უბრალოდ “იავნანა” გადადის “გორმედში”. ეს პროცესი უკვე დაწყებულია”, – გვითხრა ქაჯაიამ. 

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება “იავნანას” შენობის მდგომარეობის გამო მიიღეს. 

“ეს შენობა, რომელშიც “იავნანაა”, არის მოძველებული. “გორმედში” თანამედროვე გარემოა. ამ ეტაპზე, სამშობიარო პრაქტიკულად უკვე გადასულია. პედიატრიასაც რომ გადავიყვანთ, შემდეგ უკვე ერთბაშად შევუდგებით მუშაობას”, – გვითხრა ქაჯაიამ. 

რაც შეეხება თანამშრომლებს, დათო ქაჯაიას ინფორმაციით, თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება.

“ყველა, ვისაც სურვილი ექნება, მუშაობას გააგრძელებს “გორმედში”. შემცირებები არ იგეგმება”.

მისივე თქმით, “იავნანას” ამჟამინდელ შენობაში შესაძლოა სარეაბილიტაციო ცენტრი გაკეთდეს. 

“რამდენიმე ვერსია განიხილება. დამფუძნებელი ფიქრობს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი გაკეთდეს”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.