“მარეხის ტორტები”, – ასე ჰქვია საკონდიტროს, რომელიც ხაშურში 20 წელზე მეტია ფუნქციონირებს. ადგილობრივებს თუ შეეკითხებით, საკონდიტროსკენ მიმავალ გზას ყველა მიგასწავლით, თან გკითხავენ, “ქორწილისთვის ემზადებით, ხომ?”
როგორც აღმოჩნდა, მარეხი გოგოლაძის საკონდიტრო სადღესასწაულო ტორტებით ცნობილია. ერთი, ორი, სამი, ოთხი და მეტ-სართულიანი ტორტების დამზადება ამ სივრცისთვის ყოველდღიურობაა, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორ და რა ასაკში დაიწყო კონდიტერმა ეს საქმიანობა. მარეხის ამჟამინდელი პროფესია სათავეს ბავშვობიდან იღებს. გვიყვება, რომ დედაც თვითნასწავლი კონდიტერი ჰყავდა. ბავშვობაში ხშირად უყურებდა ტკბილეულის ცხობის ტექნიკას და ისე შეისწავლა, თავადაც ვერ მიხვდა.
“დედამ ობლად გაგვზარდა სამი შვილი. მამა არ გვყავდა, ამიტომ მას უწევდა ჩვენი რჩენა, გამოკვება და სწორედ კონდიტერია დაეხმარა ამაში. იღებდა შეკვეთებს და აცხობდა ტორტებს. დედა ძალიან ბევრს შრომობდა, დღე და ღამე ჰქონდა გასწორებული. ერთხელ სამსახურიდან დაღლილი მოვიდა სახლში, ტორტი უნდა გამოეცხო, საქორწილო შეკვეთა ჰქონდა. დაღლილს ჩაეძინა. ამ დროს ვიყავი სკოლის მოსწავლე, მე-10 კლასში ალბათ. მე გამოვიღე პროდუქტები და დავიწყე ტორტის ცხობა. დედამ რომ გაიღვიძა, რა თქმა უნდა, გაახსენდა, რომ შეკვეთა ჰქონდა გასამზადებელი. გამოაღო მაცივარი, რომ დაეწყო საქმე და დახვდა გამზადებული ტორტი. ჩამიხუტა, მეფერებოდა და თან მეკითხებოდა. როდის ისწავლე ვერც კი მივხვდიო”,- გვიყვება მარეხი.
მარეხი გვიყვება, რომ დედის პროფესიის გაგრძელება მასაც ცხოვრებამ გადააწყვეტინა. მძიმე 90- იან წლებში, ტორტების ცხობა ჯერ ახლობლებისთვის და მათი წვეულებებისთვის დაიწყო, შემდეგ კი ინტერესი გაჩნდა და შეკვეთებიც მიიღო.
“როდესაც გავთხოვდი, 90-იან წლებში ყველას უჭირდა და მათ შორის ჩვენც, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით კონდიტერი არ ვარ, ამ გზამ თვითონ ამირჩია. ჯერ დავიწყე სასაჩუქრედ ცხობა, სტუმრად თუ მივდიოდით სადმეს და საჩუქრის ფული არ მქონდა, მე ტორტს ვაკეთებდი. აქედან გაჩნდა ინტერესი, რომ მოწონდათ, შემდეგ მიკვეთავდნენ და ასე მოვედი დღემდე. საწყის ეტაპზე, ერთი ან ორი ტორტის და ნამცხვრის შეკვეთები მქონდა. როდესაც შეკვეთას ავიღებდი, პროდუქტის ფული რომ არ მქონდა, მივდიოდი და მაღაზიიდან ნისიად მომქონდა, შემდეგ ვისტუმრებდი. ჩემი სამუშაო სივრცე სახლის სამზარეულო იყო და შეშის ღუმელი, ღამეებს ვათენებდი, რადგან ბისკვიტს უნდა ისეთი ტემპერატურა, არც უნდა აიწიოს ან დაიწიოს, ამ ტემპერატურას ვიჭერდი შეშის ღუმელში”, – ისხენებს ის.
წლებთან ერთად მარეხმა ბიზნესი გააფართოვა და სამზარეულოდან საკონდიტროში გადავიდა. საკუთარი სახლის პირველ სართულზე ფართი მოიწყო და ხალხიც დაასაქმა.
“ახლა ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს, ამიტომ დამხმარეების აყვანა აუცილებელი გახდა, აქ ყველას თავისი საქმე აქვს. როდესაც ჩემი გოგონები 6 საათზე ამთავრებენ საქმეს, შემდეგ უკვე მე ვიწყებ. ტორტის მორთვა და საბოლოო შტრიხები ჩემი გასაკეთებელია ხოლმე. ამიტომ ხშირად მიწევს ღამეების თენება, დღე -ღამეში 5 საათი მძინავს, ვიღლები, მაგრამ ეს ყველაზე სასიამოვნო დაღლაა”.