ახალი ამბები

75 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის, 30 წლამდე მამაკაცს პოლიცია მე-3 დღეა ეძებს

75 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის ბრალდებულ 30 წლამდე ასაკი მამაკაცს პოლიცია მესამე დღეა ეძებს.

სავარაუდო დანაშაული ქარელის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მეზობელ ქალს, რომელიც მარტო ცხოვრობს, თავს ღამის საათებში დაესხა და მისი გაუპატიურება სცადა.

მსხვერპლი მას წინააღმდეგობას უწევდა, რა დროსაც თავდამსხმელმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებული ჰყვება, რომ თავდამსხმელმა ის მინის ნამსხვრევებზე წააქცია და დაზიანებები თავადაც მიიღო.

“დაახლოებით, ღამის 10 საათზე შემოვიდა. მკრა ხელი და დამაწვინა იატაკზე. კარი ჩაკეტა და შუქი ჩააქრო. წინააღმდეგობას ვუწევდი და ამ დროს ქილა გატყდა, მე ფეხი გამეჭრა, იმას კი სულ სისხლიანი ჰქონდა ყველაფერი. ჩალურჯებები მაქვს, პირზე ხელს მაფარებდა”, – უთხრა პოლიციას დაზარალებულამა, რომელსაც ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად  სავარაუდო მოძალადის სახლიდან ნივთმტკიცების სახით სისხლიანი ტანსაცმელი ამოიღეს, რომელიც მამაკაცს სარეცხ მანქანაში ჰქონდა დამალული.

ძებნილის ოჯახში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი