ახალგაზრდა ქალი ეზოში შეშას აპობს. დროდადრო კი, ღუმელზე შემოდგმული კერძისკენ იხედება. ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება 38 წლის ზარინა ხარაბევის ყოველდღიურობაა.
მის მეუღლეს, 39 წლის დათო ხუციშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ოჯახი სოფელ კრობანში ცხოვრობს და საკუთარ გაჭირვებაზე, “მოზაიკასთან” იმ იმედით საუბრობს, რომ ვინმეს დაეხმარება.
“დათო ბავშობიდან ვერ დადის, ყავარჯნებით თუ გადაადგილდება და ისიც გაჭირვებით. ამიტომაც ყველაფრის გაკეთება მე მიწევს. დათოს გარდა, ჩვენთან მამაც ცხოვრობს, მასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივი ყურადღება სჭირდება”, – გვიყვება ზარინა.
ოჯახის სტაბილური შემოსავალი დათოს ყოველთვიური პენსიები და სოციალური დახმარებაა. დათო ამბობს, რომ ეს თანხა ოჯახისთვის საკმარისი არ არის. ის იმაზეც წუხს, რომ მეუღლეს ვერაფერში ეხმარება.
“ფიზიკური შრომა არ შემიძლია, რომ ჩემს ცოლს რამეში დავეხმარო. ვხედავ, რამდენ რამეს აკეთებს”.
ზარინა მუდმივად ეძებს სეზონურ სამუშაობს.
“ხან, დღიურად ვაშლის ან პომიდვრის კრეფაზე დავდივარ. თუ დამიძახებენ, უარს არ ვამბობ. საჭმლის ფულში მეხმარება ეს თანხა”.
ოჯახს ტელეფონი არ აქვს. ისინი ადამიანებს, ვისაც მათთან დაკავშირება ენდომებათ, ახლობელთან დარეკვას სთხოვენ: ლალი გაგლოშვილი, +995 593 930 483.