ადამიანები ისტორიები

ბიჭი, რომელიც სურამში ნაზუქს ბებია-ბაბუის რეცეპტით აცხობს

ძველად ნაზუქი ფურნეში ცხვებოდა, ასე გვეუბნება ირაკლი გრადინსკი, რომელმაც უძველესი ქართული რეცეპტები, ბებო-პაპისგან და ხანდაზმული ადამიანებისგან შეაგროვა, გააერთიანა და თავად დაიწყო ცხობა.

“ნატიფი”, ასე ჰქვია საცხობს, სადაც 17 ინგრედიენტსგან შემდგარი ნუგბარი, ძველ რეცეპტებზე დაყრდნობით ცხვება.

“ერთ-ერთ სოციალურ გვერდზე ნაზუქის კარგი ახსნა-განმარტება წავიკითხე, იქიდან გამომდინარე, რომ კვებაში და ასევე ნაზუქის ცხობაში გქვონდა საკმაოდ დიდი გამოცდილება, ამ გვერდიდან მოპოვებული ინფორმაციის ნიადაგზე კიდევ მოვიპოვეთ ინფორმაცია და დავიწყეთ კვლევა, ვის ჰქონდა ძველი ნაზუქის ცხობის რეცეპტი შემორჩენილი. ძველად ნაზუქი ცხვებოდა ფურნეში და ამ ნაზუქს ერქვა “ნატიფი”, რაც ლამაზ ქალს ნიშნავს. შემდეგ სპარსელებმა შეუცვალეს სახელი და დაარქვეს ნაზუქი. ჩვენ გადავწყვიტეთ ძველი სახელწოდება დაგვებრუნებინა და ასე გაჩნდა ეს საკონდიტროც”, – გვიყვება ირაკლი

ირაკლი ამბობს, რომ ნაზუქის ცხობის გამოცდილება ჰქონდა. იყო პერიოდი, როდესაც თონეშიც აცხობდა.

“საწყის ეტაპზე მე და ჩემი კოლეგა, სალომე ვაცხობდით და სრულიად უსასყიდლოდ ვაძლევდით ხალხს. ეს იყო ჩვენთვის სასწავლო პროცესი. შეიძლება 10 ნაზუქი კარგი გამოაცხო, მაგრამ როდესაც გიწევს დღის განმავლობაში ასეულობით გამოცხობა, ეს მაღალი ტემპია და სხვანაირად უნდა ცოდნა. თავიდან მხოლოდ მე ვაცხობდი, შემდეგ უკვე თანამშრომლებსაც შევასწავლე. აქ ვინც მუშაობს ყველას აქვს რესურსი, გამოაცხოს. ვინც ჩვენთან მოდის, სავალდებულოა ისწავლოს ნაზუქის ცხობა. სამომავლოდ გამოახობს თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ უნდა იცოდეს”, – ამბობს ირაკლი

ირაკლი გვიყვება, რომ მან ცხობა დაიწყო ნაზუქის იმ ერთ-ერთი უძველესი სახეობის, რომელიც საფუარის გარეშე ცხვება.

“ჩვენ აღვადგინეთ ძველი ნაზუქის სახეობა, ეს არის კოლვირდი. ინგრედიენტები თითქმის იგივეა, მაგრამ დოზირებას აქვს მნიშვნელობა და ცხვება საფუარის გარეშე. სტრუქტურულადაც სხვანაირია,.ამ ნაზუქის შესახებ ცნობები მოვიძიეთ ძველ ხალხში, ფაქტიურად ძალიან ცოტამ იცის ამის შესახებ, ამიტომ ჩვენ მოგვიწია ამ ცნობების შეგროვება და დამუშავება. ეს არის უფრო მარტივი გამოსაცხობი, მაგრამ უნდა ყურადღება და ფორმების მიცემა, თუ კარგ ტემპერატურაზე არ გამოცხვა, ვიზუალი და გემოვნური თვისებები იკარგება”, – ამბობს ის.

“ნატიფს” სურამში რამდენიმე ფილიალი აქვს, საცხობში მომხმარებელს ნაზუქთან ერთად სხვადასხვა ტკბილეულის, ლობიანის და ხაჭაპურის დაგემოვნება შეუძლია. აქ ასევე შეგიძლიათ გირჩის მურაბის შეძენა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.