სტატიები

ვინ (არ) იცის, როდის წარმოადგენს საკუთარი ერთ-წლიანი მუშაობის ანგარიშს?

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს მერებს ყოველწლიურად საკუთარი ერთ-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის ვალდებულება აქვთ. 

“მოზაიკა” დაინტერესდა, შიდა ქართლის რომელი მუნიციპალიტეტის მერი როდის აპირებს ანგარიშის წარდგენას. 

აღმოჩნდა, რომ ქარელის მერს ანგარიშზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და წარდგენას თვის ბოლოს აპირებს. 

“ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა მოხდება 28 ოქტომბერს, 13:00 საათზე. გავასაჯაროვებთ ერთი წლის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგებს“, – აღნიშნა ქარელის მერმა. 

ანგარიშის წარდგენას თვის ბოლომდე აპირებს ხაშურის მერიც. 

„ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა მოხდება ორშაბათს, 31 ოქტომბერს, პირველ საათზე“, – გვითხრეს ხაშურის მერიაში.

ანგარიშის მომზადება-წარდგენის საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას კასპსა და გორში. 

„ჯერ-ჯერობით არ ყოფილა ამაზე საუბარი, თუმცა სავარაუდოდ ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა წლის უკანასკნელ თვეს, დეკემბერში მოხდება”, – გვითხრეს კასპის მერიაში. 

„როცა დააპირებს მერი საკუთარი ანგარიშის წარდგენას, საზოგადოება აუცილებლად გაიგებს ამას, წინასწარ მეტს ვერაფერს გეტყვით. არც მიახლოებითი თარიღის თქმა შეგვიძლია”, – თქვეს გორის მერიაში. 

ინფორმაციისთვის, კანონის მიხედვით, მერმა საკრებულოს საკუთარი მუშაობის ანგარიში წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა წარუდგინოს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები