სტატიები

ბევრი გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია – ქარელის მერი განვლილ ერთ წელს აფასებს 

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იყო უამრავი ისეთი პრობლემა, რომელთა მოგვარებაც ქარელის მერიამ შეძლო”, – ასე იწყებს საკუთარი ერთ-წლიანი მუშაობის შეფასებას ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი. 

როგორც გულიაშვილი “მოზაიკასთან” საუბარში ამბობს, ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფრასქტრუტურის განვითარების თვალსაზრისით იყო. 

“დაიწყო და გრძელდება პროგრამა „განახლებული რეგიონები“, რომლის დასრულებისასაც ქარელში სრულად განახლდება ჭავჭავაძის, თამარ მეფის და ეგნატე ნინოშვილის ქუჩები. განალხება გულისხმობს, იქ არსებული 15 შენობის ფასადის გამოცვლასაც და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციასაც. გარდა ამ პროგრამისა, სამ სოფელში,  საღოლაშენში, თამარაშენში და ზემო ხვედურეთში სასმელი წყლის ახალი სისტემა ეწყობა”, – ამბობს ზაზა გულიაშვილი. 

გავლილი ერთი წლის მნიშვნელოვან პროექტებს შორის, ქარელის მერი საცურაო აუზსაც ასახელებს.

„გამოვყოფდი საცურაო აუზს, რომლის მშენებლობაც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და ქალაქის მოსახლეობას აქვს საშუალება, ისარგებლოს სრულიად ახალი საცურაო აუზით. ამას გარდა, აქტიურად მიმდინარეობს სპორტული დარბაზების კეთილმოწყობა რუისსა და აგარაში. უკვე დასრულდა მშენებლობა და გავხსენით ახალი სპორტული დარბაზი სამწევრისში”.

მერის თქმით, ბოლო ერთ წელში ქარელის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებიც აშენდა.

“აშენდა არაერთი ახალი საბავშვო ბაღი, მაგალითად,  ახალსოფელსა და პავლევში. გარდა ამისა, სოფლების პარალელურად, უკვე ვიწყებთ ქალაქის შიდა ასფალტირებას და გზების მაქსიამალურად კეთილმოწყობას”.

ზაზა გულიაშვილის თქმით, უკვე არსებობს სამომავლო პროექტების გარკვეული მონახაზები და მათი განხორციელება მალე დაიწყება.

„გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის სასმელი წყლის გაყვანილობისა და გზების მოწესრიგება.”

ინფორმაციისთვის, ზაზა გულიაშვილი ქარელის სათავეში 2013 წლიდან არის. ის ჯერ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ გამგებელი, მოგვიანებით კი მუნიციპალიტეტის მერი გახდა.

დატოვეთ კომენტარი