ახალი ამბები

“საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა” – HRC 

ადამიანის უფლებათა ცენტრი 21 ოქტომბერს გამოაქვეყნებს ანგარიშსს, რომელიც ეყრდნობა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ 2021 და 2022 წლებში შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მონიტორინგის ვიზიტების შედეგებს.

ორგანიზაციის ცნობით, ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნულ პერიოდში 14 სოფელი მოინახულეს 5 მუნიციპალიტეტში, გაესაუბრნენ სოფლებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას და დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც არსებული პრობლემები ფიზიკური შემოწმების შესაძლებლობას იძლეოდა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, ოკუპაციით გამოწვეულ უსაფრთხოების პრობლემებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების წინაშე დგას.  რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულმა მცოცავმა ოკუპაციამ შეზღუდა მათი წვდომა გარშემო არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, ტყესა და საძოვრებზე”, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ორგანიზაიის შეფასებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მწვავე პრობლემას წარმოადგენს ასევე ადეკვატურ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა. გაუმართავია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა. რიგ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ ფუნქციონირებს. მოუწესრიგებელია შიდა საუბნო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები. მსგავსი პრობლემები განსაკუთრებით საგანგაშოა ხანდაზმული პირებისთვის, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება და ხშირად საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას.

დატოვეთ კომენტარი