ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილებით, გორი ძიუდოს მთავარ საკლუბო ტურნირს- ჩემპიონთა ლიგას უმასპინძლებს და მას ოფიციალურად, შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგა ერქმევა.
ინფორმაციას ამის შესახებ, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ჩემპიონატი 26 ნოემბერს დაიწყება.
“ტურნირზე იასპარეზებენ, ევროპის საუკეთესო ძიუდოს კლუბები, როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს შორის. ჩემპიონთა ლიგაზე, საქართველოდან, ადგილი ორ კლუბს აქვს მოპოვებული. ესენია – „გოლდენ გორი“ და „მებრძოლი“. ისინი, ამ შეჯიბრებაზე, შარშანაც მონაწილეობდნენ და „გოლდენ გორმა“ გათამაშება ბრინჯაოს მედლით დაასრულა”, – წერს სააგენტო.
ჩემპიონატი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება.