ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოების ერთი ნაწილი თბილისის მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას და თანამდებობის დატოვებას სთხოვს.
უნდა გადადგეს თუ არა კახა კალაძე? – ეს კითხვა “მოზაიკამ” დღეს გორის საკრებულოს წევრებს დაუსვა. შეკითხვაზე საკრებულოს შემადგენლობაში მყოფ ყველა პოლიტიკურ ძალას განსხვავებული პასუხი აქვს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია:
ენმ ფიქრობს, რომ კალაძემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვოს დაკავებული თანამდებობა.
“ქალქის მერმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ტრაგედიაზე, რადგან ის არის ქალაქის მერი და ვალდებულია, მის სამსახურებს გადაემოწმებინათ, რამდენად უსაფრთხო იყო მოსახლეობისთვის ახალი შადრევანი. ქართულ ჯიგრულ პონტში ჩაატარა “ქართულმა ოცნებამ” ეს პროექტი და ამის გამო დადგა ფატალური შედეგი”, – ამბობს ბექა ქორჩილავა.
“პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქალაქის მერმა. წინა დღეს ხომ ზარ ზეიმით გახსნა, ეს შადრევანი და ესე იგი, იქ მომხდარ ტრაგედიაზეც თავად არის პასუხისმგებელი. მას და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს უნდა შეემოწმებინათ ობიექტი ჩაბარებდა”, – თქვა კახა ლობჟანიძემ.
პარტიის “საქართველოსთვის” პოზიცია:
პარტია “საქართველოსთვის” წევრები ამბობენ, რომ ჯერ სამართლებრივად პასუხისმგებელი პირები უნდა გამოვლინდნენ და ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს კახა კალაძეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
“ასე პირდაპირ ხელი დავადოთ, ვინ უნდა გადადგეს, ვფიქრობ სადღაც არასწორია. როგორც კი დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მერე უნდა აიღონ პოლიტიკურიც. სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი უნდა დადგეს სწრაფად იმის, ვინც გააკეთა და ვინც შეამოწმა”, – აღნიშნა მერაბ გოხელაშვილმა.
“უნდა გადადგეს თუ არა, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, იმიტომ, რომ ჯერ არ არის გამოკვეთილი კონკრეტული ბრალეულობის საკითხი. თუ დადგინდა, რომ უხარისხო პროექტი ჩაიბარა მერიამ, ამის მერე შეიძლება განვიხილოთ თანამდებოდიდან კალაძის გადადგომის საკითხი”, – ამბობს მამუკა ფანიაშვილი.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოზიცია:
“ქართული ოცნების” დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ მომხდარში კალაძის პასუხისმგებლობა არ იკვეთება და მისი გადადგომის მოთხოვნა არალეგიტიმურია.
“გამოძიება მიმდინარებს. ვამბობ, რომ დამნაშავე უნდა გამოიკვეთოს, მაგრამ მერის პასუხისმგებლობას ვერ ვხედავ. მერი არ არის ის ადამიანი, ვინც ყველა ობიექტზე უნდა მივიდეს და შეამოწმოს. არცერთ შემთხვევაში არ უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის, რომ უნდა წავიდეს კახი კალაძე, არის პოლიტიკური მანიპულაცია”, – ამბობს მანუჩარ ლაფაჩი.
“მე ვფიქრობ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. ეს საცურაო აუზი არ იყო, არ უნდა ჩაეშვათ ბავშვები შადრევანში. არ შეიძლება, რომ მასწავლებელი ყოფილიყო იქ? ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც ძალიან ახლოს მივიდა, შეიძლება ფეხი დაადგა, დააზიანა და მოხდა მოკლე ჩართვა. თბილისის მერი ამ თემაში დამნაშავე არ არის”, – განმარტავს დავით რაზმაძე.