ახალი ამბები

გმირობის ნაყოფი – სუპერმარკეტებში საოკუპაციო ხაზთან მოყვანილი პროდუქტები გამოჩნდა

შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ფერმერები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს „კარფურისა“ და „ზღაპარის“ მაღაზიათა ქსელებში გაყიდიან. ხილი, ჩირი და ტყლაპი სუპერმარკეტებში ბრენდის “გმირობის ნაყოფის” ქვეშ გაიყიდება. 

“მავთულხლართებთან დამუშავებული ქართული მიწა და ამოქმედებული ქართული წარმოება, დიდი სტიმულია, რადგან იცი, რომ ემსახურები ქართულ საქმეს და საქმით აჩვენებ პატრიოტულ, ღირსეულ მაგალითს. ასე მარტივად უმკლავდები ნებისმიერ დაბრკოლებას, მათ შორის მცოცავი ოკუპაციის შიშს. რუსეთი ოკუპანტია! ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში კი ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ“, – ამბობს ფერმერი ეკატერინე ხოდელი, რომელსაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ჩირს აწარმოებს. 

ეკატერინესთან ერთად, კამპანიამ ათობით ფერმერი მოიცვა. მათი პროდუქციები ბრენდის “გმირობის ნაყოფი” ქვეშ  USAID-ის, Zinc Network-ისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთიანი ძალისხმევით გაერთიანდა. 

USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის წარმომადგენლის, ჟანა სირბილაძის განცხადებით, პროექტის მიზანია, მოსახლეობას დაანახოს ის შრომა და გამბედაობა, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები ეწევიან.

„ეს პროდუქტები ჩამოტანილია შინდისიდან, დირბიდან, მეჯვრისხევიდან, დიციდან, ბერშუეთიდან და დვანიდან. სოფლებიდან, რომლებშიც მოსახლეობა, რუსი ოკუპანტების მუდმივი შიშის მიუხედავად, დაუღალავად შრომობს და ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, არა მხოლოდ საკუთარი ოჯახებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ჩვენი მიზანია, შევახსენოთ დანარჩენ საქართველოს, რომ ვიყოთ მეტად სოლიდარულები ამ ადამიანების მიმართ და გავაძლიეროთ ისინი, ვინც ქართულ მიწას იცავს,“- განაცხადა სირბილაძემ.

საყურადღებოა ისიც, რომ პროდუქტები სერტიფიცირებულია პირველადი წარმოების გეოგაპ სტანდარტით, რითაც დასტურდება მათი უვნებლობა და ხარისხი.

„ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ადგილობრივ ფერმერებს. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას: შეიძინონ ეს პროდუქტები და მხარი დაუჭირონ მათ ვინც ქართულ მიწაზე ზრუნავს! ამგვარად ისინი კვლავ განაგრძობენ თავიანთი გმირობის ნაყოფის მოყვანას. ეს ადამიანები, იცავენ არა მხოლოდ საკუთარ კერას, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალს,“ – განაცხადა ანტონ ვაჭარაძემ IDFI პროექტის მენეჯერმა.

მისივე თქმით, ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და მომხმარებელს არა ერთი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა, USAID-ისა და ამერიკელი ხალხის ფინანსური დახმარებით.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები