ხაშურის მერიამ სარეზერვო ფონდის 35% უკრაინის მხარდაჭერისთვის დახარჯა – ამ ინფორმაციას ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ვიგებთ. დოკუმენტი მერიამ საკრებულოს ბოლო სესიაზე წარუდგინა. ანგარიშში საუბარია 1 ოქტომბრის მდგომარებით ბიუჯეტიდან, მათ შორის სარეზერვო ფონდიდან, გახარჯული თანხების ოდენობაზე.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლისთვის მერიის სარეზერვო ფონდის მოცულობა 30 ათასი ლარი იყო. ამ თანხიდან 10 575 ლარი მერიამ უკრაინის მხარდაჭერისთვის გახარჯა. კერძოდ:
- 02.03.2022
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის დამეგობრებული უკრაინული ქალაქებისათვის ნოვოგრად-ვოლნისკისა და ობუხოვისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, – 9974,78 ლარი;
- 20.04.2022
უკრაინაში შექმნილი საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში შემოსული კიევში მცხოვრები გალინა ზაბრეიკოსათვის დროებითი საყოფაცხოვრები პირობების შესაქმნელად ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით, – 300 ლარი;
- 20.06.2022
უკრაინაში შექმნილი საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე ხაშურის მუნიციპალიტეტში შემოსული უკრაინაში მცხოვრები ვიქტორ იაკოვლევის და თამარა იაკოვლევას დროებითი საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით, – 300 ლარი;
უკრაინის მხარდაჭერის გარდა, სარეზერვო ფონდიდან მერიას 3 000 ლარიც აქვს გახარული, რომელიც ერთ-ერთი ადგილობივის, გიორგი ბანცაძის საზღვარგერეთ მკურნალობას მოხმარდა.