ქარელის მუნიციპალიტეტში, ყინწვისისკენ მიმავალს თვალში გვხვდება ცენტრალურ გზაზე განთავსებული აბრები, წარწერით “ყინწვისის მარანი”, რომელიც ღვინის გზის მანიშნებელია. ეს პირველი მარანია ძამას ხეობაში, რომელიც, “ღვინის გზის” სიაშია.
მარნის ადგილას ადრე მიწის ნაკვეთი ყოფილა, უფრო ადრეულ წლებში კი ღვინის მარანი. 2017 წელს, ამ მიწის ნაკვეთზე ძმებმა ლომიტაშვილებმა მეგობართან ერთად ვენახი გააშენეს და ორსართულიანი შენობა ჩადგეს და აი, აქედან დაიწყეს ღვინის წარმოება. ერთ-ერთი ძმა, აკაკი ლომიტაშვილი მოგვიყვა, რომ მიწის დამუშავების პროცესში თიხის ჭურჭელი და ქვევრის ნატეხებიც კი აღმოაჩინეს.
“ჩემი წინაპრები იყვნენ ძლიერი გლეხები, მიწათმოქმედებას, მესაქონლობას მისდევდნენ და ერთ-ერთი მიმართულება იყო ვენახი. მამაჩემის დიდი პაპა დაახლოებით ნოემბერში გარდაიცვალა, ეს არის რთველის პერიოდი, როდესაც ყურძენი იკრიფება. უკვე გარდაცვალებამდე იყო მისული და შვილები თავზე დასტრიალებდნენ, მისი ბოლო სიტყვები, რაც მან თქვა, იყო “ყურძენი”, ანუ ეუბნებოდა, რომ მოსაკრეფი იყო. იმ დროსაც კი, მისი საფიქრალი იყო მხოლოდ ეს. ამიტომ ჩემთვის ეს საქმე განსაკუთრებულია”, – გვიყვება აკაკი.
“ყინწვისის მარანში” ძმებ ლომიტაშვილებს ძირითადად სამი ჯიშის ყურძენი მოჰყავთ.
“9 ტონა რესურსის ქვევრები გვაქვს ჩაყრილი, უჟანგავი ლითონის ავზები, სადაც ღვინოს ვაყენებთ. ძირითადად, გვაქვს სამი ჯიშის ყურძენი – ეს არის ჩინური, გორული მწვანე და შავკაპიტო, გვაქვს თავკვერიც. ჩვენ ეს შიდა ქართლის ენდემური ჯიშები ავირჩიეთ იმიტომ, რომ ქართლში ქართლისა უნდა მოიყვანო, სხვაგან ისეთი გემრიელი არ მოვა, როგორც აქ”, – ამბობს აკაკი.
მარანში ნატურალურ და ბიო ღვინოს აწარმოებენ. აკაკი ამბობს, რომ კარგი ღვინის დასაყენებლად კარგი ვენახია საჭირო, ამიტომ ისინი არ იყენებენ პესტიციდებს.
“კარგი ღვინო დგება კარგ ვენახში. ღვინის დაყენება იწყება აქედან. როდესაც ყურძენი მოგყავს, უნდა აწარმოო ნატურალური. არის მიმართულება, როდესაც იყენებენ პესტიციდებს, რომელიც ღვინოში რჩება და დაღვინებას უშლის. ჩვენ აავირჩიეთ ნატურალური და ამიტომ ვიყენებთ შაბიამანს კირს, გოგირდს, საჭმლის სოდას, ორკბილას და ჭინჭრის ნაყენს. ჩვენი ყურძენი ისეთი სუფთაა, გაურეცხავიც შეგიძლია მოკრიფო და მიირთვა.”