გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილ და მოქმედ დირექტორებს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება.
“ჩატარებული გამოძიების შედეგად, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები – გ. კ, დ. წ. და ზ. ი.”, – ვკითხულობთ სუს-ის ოფიციალურ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეები არ ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და არაეფექტურ კონტროლს უწევდნენ ორგანიზაციების სახელით განხორციელებულ ფინანსურ გადარიცხვებს
“რითაც ისარგებლა ბუღალტერმა ლ. წ-მა, რომელმაც 2020 წლის 21 იანვრიდან 2022 წლის 07 აპრილის ჩათვლით პერიოდში სახაზინო ანგარიშიდან პირად საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და საკუთარი საჭიროებებისათვის გამოიყენა სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა – 370 479 ლარი.”
შეგახსენებთ, რომ კულტურის სააგენტოს ყოფილი ბუღალტერი ლ. წ. დაკავებულია და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
“მოზაიკას” ინფორმაციით, სააგენტოს ყოფილი და მოქმედი დირექტორები არ დაუკავებიათ.