გორის მე-3 საჯარო სკოლაში სპორტის პედაგოგები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ერთ-ერთი პედაგოგი, თეა კეჩხუაშვილი ამბობს, რომ მისმა კოლეგამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საგაკვეთილო პროცესში ხელი შეუშალა. კეჩუხუაშვილმა ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დაწერა. მან მომხდართან დაკავშირებით “მოზაიკასთან” ვრცლად ისაუბრა.
” მე -9 კლასელები შევიყვანე დარბაზში, დავკეტე კარები. ამ დროს მეორე მასწავლებელმა გააღო კარები, რომელსაც გაკვეთილი არ ჰქონდა, აშკარად ნასვამ მდგომარეობაში იყო. ვუთხარი, რატომ შემოგყავს, ჯერ ხომ გაკვეთილი არ გაქვს და ვთხოვე ხელი არ შეეშალა, რაზეც უხეშად მიპასუხა, არ გათვალისწინა ჩემი თხოვნა, მომაყენა შეურაცხყოფა, გაიწიე, თორემ არ ვიცი, რად გიზამო. ჩემი ბავშვები გამოვიყვანე გარეთ და გავაგრძელე გაკვეთილი. შემდეგ, როცა გარეთ დავინახე, მივედი და ვუთხარი, ეს არ შეგრჩება მეთქი. გავაფრთხილე, რომ მსგავსი აღარ განმეორებულიყო. ამის შემდეგ, დირექტორთან მიჩივლა”, – ამბობს თეა კეჩხუაშვილი.
მისი თქმით, აღნიშნული პედაგოგი სკოლაში ხშირად ნასვამი მოდის და ამაზე რეაგირებას არავინ ახდენს. მომხდართან დაკავშირებით, “მოზაიკა” მე -3 სკოლის დირექტორს, ვახტანგ სუხიტაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, თეა კეჩხუაშვილი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, ხოლო მომხდართან დაკავშირებით დისციპლინურ საბჭოს აცნობა.
” ეგ არის “ფეიკ” პოსტი, აბსოლუტური სიცრუე. პედაგოგების გარკვეული რაოდენობა შეესწრო აღნიშნულ ინციდენტს, ქალბატონმა თეა კეჩხუაშვილმა თავად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა დავით ახალბედაშვილს, ამას ადასტურებენ პედაგოგები. დისციპლინურ კომიტეტს გადავეცი, მიმდინარეობს მოკვლევა და დაეკისრება შესაბამისი სასჯელი. ასევე ბრალდება, რომ მასწავლებელი იყო ნასვამი არის სიცრუე და ემსახურება სკოლის რეპუტაციის შელახვას. თავად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა პედაგოგს, გამოაგდო დარბაზიდან და აგინა”, – განაცხადა ვახტანგ სუხიტაშვილმა.