“შესაძლებელია რომ ვიოლინო გახდეს ადამიანის საუკეთესო მეგობარი, რომლის საშუალებით გამოხატავ საკუთარ ემოციებს, უზიარებ ყველა შენ განცდას და ამით იღებ უდიდეს სიამოვნებას”, – ამბობს 15 წლის ანა გოლუბიანი, რომელიც 6 წელზე მეტია ვიოლინოზე უკრავს.
ანას საკრავის მიმართ ინტერესი პატარა ასაკიდან გაუჩნდა და საკუთარი ინიციატივით მშობლებს სთხოვა პედაგოგთან მიეყვანათ.
“მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოზე დავდიოდი. იქ ვხედავდი ხოლმე გოგო-ბიჭებს მხარზე გადაკიდებული ვიოლინოთი და ძალიან მომწონდა. როდესაც ფორტეპიანოს სწავლა დავასრულე, ვიფიქრე, რატომ არა ვიოლინო. 10 წელის ვიყავი და ეს ასაკი ვიოლინოს შესასწავლად უკვე დაგვიანებულად ითვლება, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, როგორც პედაგოგი აღნიშნავს, ნიჭი და გამოცდილება დამეხმარა, რომ მარტივად ამეთვისებინა. დავიწყე მეცადინეობა. ერთ გაკვეთილზე მოსმენილ კომპოზიციას მეორე მეცადინეობაზე უკვე ვუკრავდი”, – გვიყვება ანა.
მას მუსიკა საკუთარი ემოციების გამოხატვაში ეხმარება.
“მუსიკა და ეს საკრავი მაძლევს საშუალებას ვისიამოვნო და საკუთარი თავი გამოვხატო, ჩემი შეგრძნებები ემოციები, ყველაფერი ჩავდო დაკვრის პროცესში. ვიყო მხიარულიც და სევდიანიც. როდესაც სცენაზე ვდგები, პირველი რამდენიმე წამი ვნერვიულობ, შემდეგ უკვე მთლიანად მუსიკით ვარ გაჟღენთილი და როდესაც კომპოზიციას ვასრულებ, მაშინ ვბრუნდები რეალობაში. ყოფილა შემთხვევა, სცენაზე აპლოდისმენტს გამოვუფხიზლებივარ და მივმხვდარვარ, რომ დასრულდა”.
ექვსწლედი დასრულების შემდეგ, ანა ანსამბლში დარჩა. მონაწილოებს კონცერტებზე და ხშირად, როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო კონკურსებზე საპრიზო ადგილებსაც იკავებს.
მუსიკის დიდი სიყვარულის პარალელურად, ანას სხვა ინტერესებიც აქვს – ის სწავლის გაგრძელებას საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გეგმავს. ფიქრობს, რომ პროფესიის ქონა აუცილებელია.
“რა თქმა უნდა, არჩეული მაქვს სამომავლო პროფესიაც. ვიოლინო ჩემს ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს და ასეც იქნება, მაგრამ ვფიქრობ ცალკე პროფესიაც აუცილებლად უნდა მქონდეს, მგონია, რომ ერთი მეორეს ხელს არ შეუშლის”.