ადამიანები ისტორიები

გორელი არბიტრი, რომელიც თურქეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

კობა რევაზაშვილი 22 წლის გორელი არბიტრია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ლიგებს მსაჯობს.

კობას სამსაჯო კარიერა 2016 წელს, ქალაქ გორში დაიწყო. როგორც თავად განმარტავს, მისი ეს გადაწყვეტილება ფეხბურთისადმი დიდ სიყვარულს უკავშირდება.

„სამსაჯო კარიერამდე ფეხბურთთან პროფესიონალური შეხება არ მქონია, თუმცა, როგორც გულშემატკივარი, სისტემატურად დავდიოდი სტადიონზე. ჩემი გადაწყვეტილება, რომ გავმხდარიყავი არბიტრი, გამოწვეულია მოტივით, რომ უფრო ახლოდან, შიდა სამზარეულოდან დამენახა ფეხბურთი.“

კობა განმარტავს, თუ რით არის გამორჩეული მისი პროფესია სხვა პროფესიებისგან.

„მსაჯს ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან მის გადაწყვეტილებებზე მატჩის ბედი და მიმდინარეობაა დამოკიდებული. აღნიშნული პროფესია შენგან მოითხოვს სისხარტეს, გამჭრიახობას და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარს“

აღნიშნავს, რომ ფიზიკური მზადყოფნა და მაღალი კონდიცია არბიტრისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ფეხბურთელები ყოველთვის ვარჯიშობენ, რომ შესაბამის კონდიციაში იყვნენ. ამ მხრივ არც მსაჯობაა გამონაკლისი. ჩვენი დილა, ისევე როგორც სპორტსმენებისა, იწყება ვარჯიშით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორი კვება. მატჩიდან მატჩამდე გავდივართ მოსამზადებელ ვარჯიშებს, როგორც პრაქტიკულს, ისე თეორიულს.“

კობა თვლის, რომ სანამ ახალგაზრდა მსაჯობას გადაწყვეტს, მას ზუსტად უნდა ჰქონდეს გათვიცნობიერებული, თუ რა ფენომენთან აქვს შეხება.

„ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ ზუსტად გაანალიზონ, თუ რა არის არბიტრობა. აღნიშნული პროფესიის გამო მათ ბევრი რამის დათმობა მოუწევთ. წარმატების მთავარი წინაპირობა კი მაქსიმალური მონდომება, სწავლა, ვარჯიში და კონცენტრაციაა”.

კობა რევაზაშვილი თურქეთში, ამპუტანტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

„26 სექტემბერს ამპუტანტთა მსოფლიო ჩემპინატი იწყება. ტურნირი თურქეთში, სტამბულში გაიმართება. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა, რადგან აღნიშნულ ტურნირზე ქართული სამსაჯო ჯგუფი პირველად იქნება წარმოდგენილი და შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მაღალ ხარისხში გავართვათ თავი ჩვენს საქმიანობას.“

კობას უმთავრესი სურვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული დელეგეციის მონაწილეობაა

„ბოლო წლებში ქართველი არბიტრების წარმატება საერთაშორისო დონეზე პროგრესს განიცდის. ქართულმა დელეგაციამ არაერთხელ იმსაჯა ევროპისა და კონფერენს ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებზე. ჩემი მთავარი მიზანი კი მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული დელეგაციის წარმოდგენაა. აღნიშნული მოვლენა მკვეთრად გაზრდის ქართულ პრესტიჟსა და ცნობადობას მსოფლიო მასშტაბით.“

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

პაატა მაჩიტაძე