სტატიები

გორის მერი შვებულებაშია – ვის ჩააბარა მუნიციპალიტეტი ხინჩეგაშვილმა 

გორის მერი შვებულებაში გავიდა. ინფორმაციას მისი ერთ-ერთი მოადგილე, თამაზ შიოშვილი ადასტურებს, რომელიც ორშაბათიდან, თავადაც შვებულებაში გადის.

მისი თქმით, მუნუციპალიტეტის პირველი პირის მოვალეობას ვიცე მერი, ნიკოლოზ ღვინიაშვილი შეასრულებს.

“გორის მერი შვებულებაშია. სად არის ვერ გეტყვით. მე ორშაბათიდან გავდივარ. მოვალეობას ვიცე-მერი შეასრულებს. მერი წავიდა და არ დავუწყებ ხოლმე საუბარს სად მიდის და ა.შ. მიდის საქმეზე”, – ამბობს შიოშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შვებულების გარკვეულ ნაწილს ამერიკაში მუშაობისთვის გამოიყენებს, სადაც ის, ერთ-ერთ საჭიდაო სკოლაში პრაქტიკოს მასწავლებლად მუშაობს. მერად არჩევიდან ორი თვის თავზე, ხინჩეგაშვილი გასულ წელსაც გაემგზავრა შეერთებულ შტატებში.

ამ საკითხზე ის არ საუბრობს, მისი მოადგილე შიოშვილი კი მსგავსი ხელშეკრულების არსებობას უარყოფს.

“იმ ამერიკის ხელშეკრულება აღარ აქვს ლადოს. როგორ ექნება ფიზიკურად წარმოიდგინე, კაცი მერი გახდა და ხო შეიძლება სანამ რაღაცას იტყვიან ვიღაცები დაფიქრდნენ ხო?”, – ამბობს მერის მოადგილე.

სად არის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი? – ამ კითხვას პასუხს არ სცემენ არც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ხინჩეგაშვილის მიერ, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტებიდან კი ირკვევა, რომ ის გუშინ, სერბეთში, ქალაქ ბელგრადში, თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს დაესწრო.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის დაბრუმებამდე გორის მერიას უხელმძღვანელებს პირი, რომელიც სამსახუროებრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო სახსრების არამოზნიბრივ ხარჯვაშია მხილებული.

ნიკოლოზ ღვინიაშვილის წინააღმდეგ, “მოზაიკას” ინფორმაცით, მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს სამართალწარმოება აქვს დაწყებული. საქმე ეხება ღვინიაშვილის მიერ, შვებულების დროს, სამსახურეობრივი ავტომობილით აჭარის რეგიონში მოგზაურობას. ფაქტებით დასტურდება, რომ მან მერიის ბალანსზე არსებული “ფიატის” მარკის მსუბუქი ავტომობილით ზღვისპირა რეგიონში იმოგზაურა და სავარაუდოდ, ბიუჯეტის ფულით შეძენილი საწვავი დახარჯა.

საკრებულოს დადგენილების თანახმად, ავტომობილის საწვავის თვიური ლიმტი 500 ლიტრია. იურისტები ღვინიაშვილის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.