კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ერთ-ერთი ადგილობრივი, ოთარ ყურაშვილი სტალინის ძეგლის დადგმას აპირებს.
ყურაშვილს სურს სტალინის ძეგლი დადგას სოფლის შემოსასვლელში, როგორც ამბობს, მის კუთვნილ ტერიტორიაზე.
“მე პატივს ვცემ და მიყვარს ეს პიროვნება, თუ ვინმეს ექნება, მიგდებულები აქვთ და გადავწყვიტე რომ მოვიძიო. თანხა ასე ზუსტად არ მაქვს გათვალისწინებული, რამდენს გადავიხდი, სადმე 200 -300 ლარში თუ ვნახე… ჩემს ტერიტორიაზე მინდა დადგმა, სოფლის შესასვლელში მაქვს დარბაზი და ეზოში მინდა დავდგა. ჩემს ტერიტორიაზე ვისი ძეგლიც არ უნდა დავდგა, პაპაჩემის იქნება თუ მამაჩემის, ვინ დამიშლის?!”, – ამბობს ოთარ ყურაშვილი.
ინფორმაციისთვის, 2011 წლის 31 მაისიდან საქართველოში ამოქმედდა კანონი, რომლითაც კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია. “თავისუფლების ქარტიის” მე-7 მუხლის მიხედვით, ტოტალიტარული იდეოლოგიების – ფაშიზმისა და კომუნიზმის სიმბოლიკები ქვეყანაში უნდა აღმოიფხვრას.