კასპის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს.
გიორგი ორთანეზაშვილი საკუთარ სახლს 10 ლარად ათამაშებს, მან აღნიშნული იდეა სოციალურ ქსელში გაავრცელა. “მოზაიკას” ინფორმაციით, მისი გათავისუფლების მიზეზი სწორედ, ეს გახდა.
თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კასპის მერმა ზეპირი კომენტარი გაკეთება არ ისურვა და გვითხრა, რომ აღნიშნულ საკითხზე წერილობით მივმართოთ.
“საჭესთან ვარ ახლა, მაგ საკითხზე შეგიძლიათ ოფიციალური წერილით მომგვართოთ და გიპასუხებთ”, – გვითხრა ვახტანგ მაისურაძემ.
საკითხზე საუბარი ამ ეტაპზე, არც გიორგი ორთანეზაშვილს სურს, თუმცა მან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
ინფორმაციისთვის, გიორგი ორთანეზაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლიდან მუშაობს.