სტატიები

როგორ ხვდებიან ახალ სასწავლო წელს შიდა ქართლის სკოლები 

ახალ სასწავლო წელს შიდა ქართლის საჯარო სკოლები სიახლეებით ხვდებიან. 

რეგიონის მასშტაბით ათამდე სკოლას რეაბილიტაცია უტარდება, ასევე აშენდა ახალი შენობებიც. 

ქარელის რესურსცენტრის უფროსის გიორგი კობახიძის თქმით:- რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ აბისის და ურბნისის საჯარო სკოლებს. ოქტომბრის ბოლოს დასრულდება ახალსოფლის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაც. დაგეგმილია ქარელის პირველი საჯარო სკოლისა და აგარის სკოლის სრული რეაბილიტაცია.

“ამ სკოლების პროექტირება დასრულებულია და როდიდან დაიწყება, რეაბილიტაციის პროცესი ეს ჯერ ზუსტად არ ვიცით, მოსწავლეების გადანაწილება დაიგეგმება მაშინ, როცა ზუსტი დრო გახდება ცნობილი სკოლების რეაბილიტაციის”, – გვითხრა გიორგი კობახიძემ.

ახალ გარემოში შეხვდებიან სასწავლო წელს ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლებიც, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალ სასწავლო წლისთვის ორი სკოლა სრულად იქნება რეაბილიტირებული. .

ზვიად გოგუაძის თქმით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია სოფელ ქემფრის და ქინძაათის საჯარო სკოლებს ჩაუტარდათ. გარდა ამისა, ნაწილობრივი რეაბილიტაცია მიმდინარეობს, კერძოდ კი, საპირფარეშოები ეწყობა ხაშურის მეშვიდე საჯარო სკოლაში.

“გარდა ამისა, დაგეგმილია ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც დაიწყება არსებული შენობის დემონტაჟის დასრულებისთანავე. ასევე, შემოდგომით დაიწყება ხაშურის მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ხოლო გაზაფხულზე დაიწყება სურამის მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია”, – გვითხრა გოგუაძემ.

მისივე თქმით, ახალი სკოლა ექნება სოფელ ნაბახტევსაც. აღნიშნულ სოფელში ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი და ახლის აშენება იგეგმება. 

განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიც. ამ ეტაპზე 3 სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

“რეაბილიტაცია უტარდება მეჯვრისხევის, ატენისა და გორის მე-11 საჯარო სკოლებს. რეაბილიტაციის დასრულებამდე აღნიშნული სკოლის მოსწავლეები სხვა სკოლებში, მეორე ცვლაში გააგრძელებენ სწავლას. დანარჩენი სკოლები ახალი სასწავლო წლის დასაწყებად მზად არიან. პირველკლასელებს უკვე გადაეცათ “ბუქები”, ასევე გვაქვს სიახლე – პირველ კლასში სასწავლო პროგრამას დაემატა ჭადრაკის მიმართულება”, – გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა. 

2022-2023 სასწავლო წელს კასპის მუნიციპალიტეტის სკოლები მომზადებულები ხვდებიან, – ამის შესახებ “მოზაიკასთან” საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნათია ილურიძემ ისაუბრა.

“გაზიფიცირება მოხდა ქვემო ჭალის საჯარო სკოლაში და ზამთარში ბავშვები თბილ გარემოში იქნებიან. ასევე გადაწყვეტილია ახალქალაქის სკოლის სრული რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, როგორც კი შესაბამისი ეტაპები იქნება გავლილი. ამ სკოლის ბავშვები დროებით სასირეთის სკოლაში, მეორე ცვლაში ისწავლიან”, – გვითხრა ნათია ილურიძემ.

ინფორმაციისთვის, ახალი სასწავლო წელი სკოლებში 15 სექტემბერს იწყება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.