დედა, რომლის შვილი თურქეთში ქმარმა მოკლა, ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. საუბარია 23 წლის რიტა ეგნატაშვილზე, რომელიც მეტეხიდან თურქეთში სამუშაოდ ქმართან ერთად წავიდა და რომლის გარდაცვალების შესახებაც ინფორმაცია 25 აგვისტოს გახმაურდა. ამავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ქალთან ერთად, გარდაცვლილი იყო მისი ქმარი და ახალგაზრდა ბიჭი.
“მე ვითხოვ ობიექტურ გამოძიებას და სიმართლის დადგენას, რა და როგორ მოხდა”, – რომანა ტატალაშვილმა, გარდაცვლილი ქალის დედამ.
რომანა ტატალაშვილის თქმით, გარდაცვალებამდე, ქმარმა მისი შვილი ცემით და წამებით მოკლა.
“ვიცი, რომ დაგეგმილი ჰქონდა და მოტყუებით წაიყვანა იქ ჩემი შვილი. 2 დღის გარდაცვლილი იყო ჩემი შვილი, როდესაც 25-ში დამირეკეს მაგისმა მშობლებმა, რომ ავარიაში მოყვაო. ავარიაში კი არა, მოკლული ყოლია და ნაწამები ჩემი შვილი და არაფერი ვიცოდი. ჯერ აწამა, ნაცემი იყო, დალურჯებული ჰქონდა მთელი სხეული, სახიდან ფეხებამდე. სულ დაჩეხილი იყო, ყელი მოჭრილი ჰქონდა”, – გვიყვება რომანა ტატალაშვილი.
ტატალაშვილი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მომხდარის ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს, რა და როგორ მოხდა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება მის შვილზე შეწყდეს.
“ამბობენ, ვითომ ქმარს მეგობართან უღალატაო და მაგიტომ მოკლა ორივეო. ეგრე არაფერი არ არის, ტყუილია ეგ ყველაფერი. მერე ალბათ დაგვირეკავენ თურქეთიდან და პასუხებს გვეტყვიან, რა მოხდა და რა არის სიმართლე. საქართველოდან აბსოლუტურად არავინ დაგვკავშირებია” – გვითხრა ტატალაშვილმა.
როგორც დედა ამბობს, საქმის გამოძიებით ქართული მხარე დაინტერესებული არ არის და სახელმწიფოს მხრიდან მათ ამ დრომდე არანაირი ყურადღება არ უგრძვნიათ.